ქართული ღვინის კომპანიებში აცხადებენ, რომ რუსულ ბაზარზე პროდუქციის შეტანასა და ხარისხზე პრობლემები არ შექმნიათ
ქართული ღვინის კომპანიებში აცხადებენ, რომ რუსულ ბაზარზე პროდუქციის შეტანასა და ხარისხზე პრობლემები არ შექმნიათ

ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებში, რომლებსაც თავიანთი პროდუქცია რუსეთში ექსპორტზე გააქვთ, აცხადებენ, რომ რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.

როგორც პირველ არხს კომპანია „თელავის ღვინის მარნის“ დირექტორმა, ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა, მისი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის რუსეთის ბაზარზე მოსახვედრად არანაირ შეფერხებას არ ჰქონია ადგილი. მისი განმარტებით, რუსეთის საზღვარზე ამ ქვეყნის საბაჟო სამსახური ღვინით დატვირთულ ნებისმიერ კონტეინერს ამოწმებს, სინჯებს იღებს და ანალიზის შემდეგ ღვინო ყოველთვის შეესაბამება ნორმებს, რაც რეგლამენტით არის განსაზღვრული.

„ჩვენს იმპორტიორს, რუსეთის ბაზარზე რაიმე სახის პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. ღვინის ხარისხს საბაჟოზე ყოველთვის ამოწმებენ და ჯერ არ ყოფილა შეუსაბამობა იმ ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტებშია გაწერილი. ასევე არ ყოფილა შეუსაბამობა რუსეთში არსებულ ტექნიკურ რეგლამენტთან“, – განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.

„თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ექსპორტი ჩვეულებრივ ხორციელდება და პრობლემები არ ჰქონია.

„რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტი ჩვეულებრივ ხორციელდება. არ მაქვს ინფორმაცია, რომ ამ კუთხით რაიმე პრობლემა არსებობდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხთან დაკავშირებით განცხადება „როსპოტრებნადზორმა“ გაავრცელა. ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერალური სამსახური საქართველოდან შესულ ალკოჰოლურ სასმელის ხარისხს ამოწმებს. „როსპოტრებნადზორის“ განცხადების მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი რუსეთის ფედერაციის ტექნიკურ რეგლამენტს და მომხმარებლის უფლების შესახებ არსებულ კანონს არ შეესაბამება. შესაბამისად, ფედერალური სამსახურის განკარგულებით, რუსეთის ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელი არ დაუშვეს.