პეტრო პოროშენკო - ნატო-საქართველო-უკრაინის პირველ ერთობლივ შეხვედრას ძალიან პოზიტიურად ვუყურებ
პეტრო პოროშენკო - ნატო-საქართველო-უკრაინის პირველ ერთობლივ შეხვედრას ძალიან პოზიტიურად ვუყურებ

ნატო-საქართველო-უკრაინის პირველ ერთობლივ შეხვედრას ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ ნატო-ს სამიტზე ნატო-საქართველო-უკრაინის პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნული განცხადება პოროშენკომ ევროკავშირი-უკრაინის სამიტის დაწყებამდე გააკეთა. პოროშენკოს ევროპული საბჭოს შენობის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დახვდა და შეხვედრაზე შეაცილა. სამიტს ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები ესწრებიან.

სამიტის შედეგების შესახებ დღის ბოლოს პრესკონფერენცია გაიმართება.

სამიტზე უკრაინულ მხარესთან ევროკავშირის უმაღლესი პირები რეფორმების მიმდინარეობის, კორუფციასთან ბრძოლის, ასოცირების ხელშეკრულების შედეგების, რუსეთთან ურთიერთობის, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების და მინსკის შეთანხმების შესრულების საკითხებს განიხილავენ.

სამიტი ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდება.

ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრა ბრიუსელში ნატოს-ს სამიტის ფარგლებშია დაგეგმილი, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება.