პაატა ბაირახტარი - რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, Fitch-ის შეფასება ინვესტორებისთვის პოზიტიური მესიჯია
პაატა ბაირახტარი - რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, Fitch-ის შეფასება ინვესტორებისთვის პოზიტიური მესიჯია

რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასება, რომელმაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგი პოზიტიური პერსპექტივით „BB“-დონეზე შეუნარჩუნა, ინვესტორებისთვის პოზიტიური მესიჯია, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, „აფბა“-ს ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საერთაშორისო რეიტინგებს ქვეყნის ეკონომიკური კლიმატისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„საერთაშორისო რეიტინგები ერთ-ერთი მთავარი საზომია ინვესტორებისთვის, რათა განსაზღვროს რამდენად მიმზიდველია ესა თუ ის ქვეყანა ინვესტიციის განსახორციელებლად. რაც შეეხება კონკრეტულად Fitch-ის ანგარიშს, სადაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ დონეზე (პოზიტიური პერსპექტივით) არის შენარჩუნებული, შეიძლება შეფასდეს, როგორც სტაბილური სიგნალი ინვესტორებისთვის. არსებული შოკების გათვალისწინებით, Fitch-ი ყურადღებას ამახვილებს, რამდენიმე დადებით ასპექტზე, რომელზეც ეგზოგენურმა ფაქტორებმა გავლენა ვერ მოახდინა“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი შეფასებით, Fitch-ი დადებითად აფასებს ინფლაციის დონეს საქართველოში, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელთანაც ახლოსაა და Fitch-ის პროგნოზთან თანხვედრაშია.

როგორც პაატა ბაირახტარი ამბობს, არ შეიძლება არ აღინიშნოს საქართველოს ეროვნული ბანკის დამსახურება. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარებით მოახერხა საგარეო შოკების მინიმუმამდე დაყვანა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაზე თითქმის მუდმივად მოქმედებენ.

„ასევე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან მონაცემზე, რაზეც ანგარიშშია საუბარი და, რამაც საშუალება მისცა საქართველოს, შეენარჩუნებინა „BB-” რეიტინგი (პოზიტიური პერსპექტივით). ესენია: ბიზნეს გარემოს კომპონენტი, რომელშიც საქართველოს „BB” რეიტინგის მქონე ქვეყნებზე უკეთესი მონაცემი გააჩნია და საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, რომელიც ასევე პოზიტიურია. ამ უკანასკნელში უნდა აღინიშნოს ბოლო პერიოდში საბანკო სფეროს რეგულირებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული ცვლილებები, რომელმაც გარკვეულწილად, საფინანსო ბაზარზე თამაშის სამართლიანი წესები დანერგა“,-აღნიშნა ბაირახტარმა.

ამასთან, მისი თქმით, რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით „BB-” დონის შენარჩუნება ქვეყნისთვის ნეგატიური შედეგი არ არის.

„რეგიონში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რეიტინგის “BB-” დონეზე შენარჩუნება, ქვეყნისთვის კატასტროფა ნამდვილად არ არის. თუ დეტალურად ჩავშლით მონაცემებს,  დავინახავთ, რომ ამის მთავარი მიზეზი რეგიონში განვითარებული მოვლენები, კონკრეტულად კი, თურქეთსა და რუსეთში არსებული კრიზისული მდგომარეობაა. თურქეთსა და აშშ-ს პრაქტიკულად სავაჭრო ომი აქვთ, რუსეთი კი, აშშ მხრიდან მორიგი სანქციების მოლოდინშია“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი განმარტებით, ანგარიშში ერთ-ერთ ნეგატიურ მხარედ განხილულია მთავრობის ვალის დონე, რაც 44.6 პროცენტს შეადგენს, ხოლო „BB” ქვეყნების მედიანური მაჩვენებელი 39 პროცენტის ფარგლებშია.

„ამასთან, Fitch ხაზს უსვამს მთავრობის ვალის კომპოზიციასაც, ვინაიდან 79.8 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია გამოსახული. ზოგადად, საგარეო ვალი ქვეყნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს თუ მისი მიზნობრიობა სწორად არის განსაზღვრული. რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას 44.6 პროცენტი მაღალი მოცულობა ნამდვილად არ არის, თანაც თავისუფლების აქტის მიხედვით, მშპ-სთან მიმართებაში, საგარეო ვალი 65 პროცენტამდე დასაშვებად მიიჩნევა“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებში საგარეო ვალი 65 პროცენტზე გაცილებით მაღალია, თუმცა ეს მათი ეკონომიკებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ექსპერტის თქმით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს მიერ რეალურად, ვალის აღების ტემპი შემცირებულია, ხოლო საგარეო ვალის მოცულობა, რომელზეც ანგარიშშია საუბარი, გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგია.

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს პოზიტიური პერსპექტივით საკრედიტო რეიტინგი „BB-“  შეუნარჩუნა.