ოთარ კახიძე - ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების განცდა არ უნდა გაჩნდეს
ოთარ კახიძე - ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების განცდა არ უნდა გაჩნდეს

პროკურატურას ძალიან სერიოზული რეაგირება და საქმის ობიექტურად გამოძიება მართებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ მთავარი პროკურატურის მიერ ყოფილი მინისტრების  – დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებში კორუფციული გარიგებებისა და თანხის მითვისების თაობაზე პროკურატურას „ევროპულმა საქართველომაც“ მიმართა, თუმცა მაშინ აღნიშნულ მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია.

„გამოძიება უნდა მოხდეს ისე, საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა, რომ ადგილი აქვს რამე ტიპის პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ან შიდა გარჩევებს. შესაძლო კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ განცხადება დიდი ხნით ადრე შევიტანეთ პროკურატურაში. მათ აქამდეც უნდა გადაედგათ შესაბამისი ნაბიჯები და არ დალოდებოდნენ იმას, როდის ჩამოიშორებდნენ გუნდიდან ამა თუ იმ წევრს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში კი, მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.