ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ გამოძიებას მ.კ-ს მიმართ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის ბრალის წარსადგენად მტკიცებულებათა შთამბეჭდავი ერთობლიობა ჰქონდა
ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ გამოძიებას მ.კ-ს მიმართ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის ბრალის წარსადგენად მტკიცებულებათა შთამბეჭდავი ერთობლიობა ჰქონდა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ გამოძიებას მ.კ-ს მიმართ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის ბრალის წარსადგენად მტკიცებულებათა ერთობლიობა ჰქონდა.

რატომ არ წარედგინა მ.კ-ს ბრალი, აღნიშნული კითხვა ოთარ კახიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებს დაუსვა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, მ.კ. გასული წლის 2 დეკემბერს მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მოკლულ დავით სარალძეს მუშტს ურტყამდა, რასაც 3 დეკემბერსაც ადასტურებს. ამასთან, 23 დეკემბერს აცხადებს, რომ ეხმარებოდა დანით შეიარაღებულ გ.ჯ-ს და დავით სარალიძეს სახეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა.

„ასევე, ის ამბობს, რომ დავით სარალიძის შენელების მომენტი დააფიქსირა და, რომ სარალიძე ვეღარ აქტიურობდა. ამ მომენტში მ.კ.-ს მიმართ მტკიცებულებათა სრული ერთობლიობა გაქვთ, რომ ბრალი წაუყენოთ, როგორც მკვლელობაში თანამონაწილეს“, – მიმართა ოთარ კახიძემ პროკურატურის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, როცა კომისიამ აღნიშნულ საქმეზე მუშაობა დაიწყო სხვადასხვა ფიგურანტის მიმართ მტკიცებულებები დაალაგა და აღმოჩნდა, რომ მათი შთამბეჭდავი ერთობლიობა არსებობდა.

„აღმოჩნდა, არსებობს მტკიცებულებების შთამბეჭდავი ერთობლიობა, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ მ.კ. ჩხუბის დაწყებიდან ჩხუბის ბოლომდე ფარდულში დავით სარალიძესთან ერთად იმყოფება. ასევე, დადგენილი ფაქტია, როცა მ.კ. ფარდულშია, დავით სარალიძეს ამ დროს 12 ჭრილობას აყენებენ. ამასთან, მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტია, რომ მ.კ. პირდაპირ ფიზიკურ კონტაქტშია დავით სარალიძესთან,  მის დამორჩილებას ცდილობს და ქაჩავს, ამავე დროს, მუშტებს ურტყამს“, – განაცხადა კახიძემ.

ის ინტერესდება, როცა საქმეში მტკიცებულებათა მსგავსი ერთობლიობაა, რატომ არ წარედგინა თანამონაწილეობისთვის ბრალი მ.კ-ს და რატომ წარედგინა გ.ბ.-ს, რომელის წინაღმდეგ მისივე თქმით, მტკიცებულებები გამოძიებას არ ჰქონდა.

„საქმეში ჩამოთვლილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გაქვთ. გ.ბ-ს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გაქვთ და ბრალი წაუყენეთ. მ.კ-ს რატომ არ წაუყენეთ ბრალი? არ ვსაუბრობ, რომ მ.კ-ს დანით მკვლელობაში ბრალის  წარდგენაზე, მე გეკითხებით, თანამონაწილეობისთვის რატომ არ წაუყენეთ ბრალი,“ – მიმართა კითხვით პროკურატურის წარმომადგენლებს სხდომაზე ოთარ კახიძემ.

როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა, გიორგი გაბოძემ აღნიშნა, ბრალის წარდგენის საფუძველი არ იყო.

„მტკიცებულებების საფუძველზე ბრალის წაყენების საფუძველი არ იყო. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, თითქოს, მ.კ.-ს ვიცავ, ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. რეალურად, ჩემს პოზიციას ვიცავ“, – განაცხადა მან კომისიის სხდომაზე.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებს – მიხეილ შაყულაშვილსა და გიორგი გაბოძეს უსმენენ.