OPIC-ის პრეზიდენტი - საქართველოს ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესისთვის
OPIC-ის პრეზიდენტი - საქართველოს ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესისთვის

საქართველო ყველაზე წარმატებულად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის, – ამის შესახებ უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტმა, რეი უოშბერნმა განაცხადა, რომელიც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა.

OPIC-ის პრეზიდენტის თქმით, კორპორაცია ამჟამად კაპიტალდაბანდებისთვის რამდენიმე პორტის თემას განიხილავს, ასევე ინვესტიციების განხორციელება სურს სამაცივრო მეურნეობებშიც.

„საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებითაც გვსურს საქმიანობის განვითარება. ამდენად, ძალიან აქტიური ვართ. სამომავლო პროექტები განიხილება ამჟამად და ძალიან გვახარებს ქვეყნის მიერ მიღწეული წინსვლა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები“, – განაცხადა რეი უოშბერნმა.

მისი თქმით, OPIC-ის პრიორიტეტებია ლოგისტიკა და ორგანიზაცია საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მიიჩნევს.

„ეს თემა ჩვენთვის ძალიან აქტუალურია. ლოგისტიკა, ტურიზმი, საქონლის ტრანსპორტირების ცივი ჯაჭვი, სამაცივრე მეურნეობები. მიგვაჩნია, რომ ეს აგრარულ სექტორსაც და ექსპორტსაც წაადგება. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ გასულ წელს 8 მილიონამდე ტურისტი ჩამოსულა 3.5 მილიონიან ქვეყანაში. ამდენად, დიდი იქნება სასტუმროებზე მოთხოვნა, რასაც ჩვენ უკვე ვაფინანსებთ. ბევრი სასტუმროს მშენებლობა და ფუნქციონირება დაგვიფინანსებია საქართველოში და ამ მიმართულებით საქმიანობის გაზრდას ვაპირებთ“, – აღნიშნა რეი უოშბერნმა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ და რეი უოშბერნმა ლოგისტიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით OPIC-ის პროექტების გაფართოებაზე ისაუბრეს.

ამასთან, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა OPIC-ის პრეზიდენტს საქართველოში კორპორაციის ნაყოფიერი საქმიანობისა და  საინვესტიციო ბიუჯეტის გაზრდისთვის, დამატებითი რესურსების მობილიზებისა და კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის, ასევე – OPIC-ის საინვესტიციო გეგმებში საქართველოს პრიორიტეტულობისთვის.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციის პროექტების ზრდას ქვეყანაში, რადგან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, OPIC-ი არის ამერიკელი ხალხის ინვესტიცია, რაც, თავისთავად, მაღალ სტანდარტს, მაღალ ხარისხსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან  სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი