ნორვეგიის სახელმწიფო მდივანი - საქართველო ევროპული ოჯახის ღირებული წევრია
ნორვეგიის სახელმწიფო მდივანი - საქართველო ევროპული ოჯახის ღირებული წევრია

ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების გავლებას და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს, – ამის შესახებ ნორვეგიის სახელმწიფო მინისტრმა, აუდუნ ჰალვორშენმა, ნორვეგიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაცია ნორვეგიის სახელმწიფო მინისტრის გამოსვლის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

„2008 წლის აგვისტოში მსოფლიო შოკში ჩააგდო საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა. ათი წლის შემდეგ, ვითარება კვლავ გადაუწყვეტელია. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები კვლავ  გამოყოფილი რჩება საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან. რუსეთს კვლავაც არ მოუხდენია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან. პირიქით, საქართველოს მიწაზე გაიზარდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა. აღნიშნულ რეგიონებსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას  შორის გრძელდება ხელოვნური ბარიერების აღმართვა“, – განაცხადა აუდუნ ჰალვორშენმა.

მისი თქმით, ნორვეგია სრულიად  უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„ოცდამეერთე საუკუნეში  არ უნდა არსებობდეს  გავლენის მოხდენის მცდელობები. ქვეყნის  უფლებაა, აირჩიოს მისი მომავალი, რომელიც არ უნდა იქნას გადაწყვეტილი მისი გეოგრაფიული მდებარეობით და ქვეყნის  ბედი არ უნდა გადაწყვიტონ  მისმა მეზობლებმა. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ნორვეგიისთვის, ასევე საქართველოსთვის“, – განაცხადა ნორვეგიის სახელმწიფო მინისტრმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს რეფორმების კურსს და ქვეყნის ევროინტეგრაციის მისწრაფებას, მისი განცხადებით, ნორვეგია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების გზაზე

„საქართველო არის ევროპული ოჯახის ღირებული წევრი. მივესალმებით მის მისწრაფებას გახდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების წევრი. ნორვეგია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების გზაზე, რათა ჩვენი საერთო  ღირებულებები, პრაქტიკულ რელობაში აისახოს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა აუდინ ჰალვორშენმა.

მან ხაზი გაუსვა ნორვეგია-საქართველოს სანიმუშო თანამშრომლობას, რომელიც მისი განცხადებით, ყველა სფეროში წარმატებით ვითარდება, ამის გამოხატულებად სახელმწიფო მდივანმა თბილისში ნორვეგიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მოიტანა.

ნორვეგიის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.