ნავთობპროდუქტების იმპორტიორები ახლო მომავალში საქართველოში საწვავზე ფასების შემცირებას არ გამორიცხავენ
ნავთობპროდუქტების იმპორტიორები ახლო მომავალში საქართველოში საწვავზე ფასების შემცირებას არ გამორიცხავენ

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი, მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, საქართველოში ახლო მომავალში საწვავზე ფასების შემცირებას არ გამორიცხავს.

როგორც პირველ არხს ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა, რამდენიმე კომპანიამ ფასის შემცირების პროცესი უკვე დაიწყო და აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება.

„გლობალურ ბაზრებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასები მცირდება. ასევე, მყარდება ლარი დოლართან მიმართებაში, რაც საკმაოდ დამაიმედებელია. შესაბამისად, ამ პროცესების კვალდაკვალ აუცილებლად ჩვენთანაც, დროის გარკვეულ პერიოდში, მოხდება საწვავზე ფასების შემცირება. სხვათაშორის, რამდენიმე კომპანიამ უკვე დაიწყო ფასის შემცირების პროცესი და, რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება. ფასების შემცირებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა მთვრალაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიო ტენდენციები ადგილობრივ ბაზარზეც აისახება.

„ტენდენციები, რომლებიც გლობალურ ბაზრებზეა და თავისთავად, ჩვენი ვალუტის გამყარებაც, ასახვას ჰპოვებს საწვავის ფასზე. ტრენდი, მოცემულობა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე არის, საკმაოდ დამაიმედებელია და მისი ასახვა ადგილობრივ ბაზარზე აუცილებლად მოხდება“, – განუცხადა პირველ არხს ვანო მთვრალაშვილმა.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი კი აცხადებს, რომ უკვე ყველანაირი პირობა  არსებობს, კომპანიებმა ლიტრი საწვავის ფასი სულ მცირე, 20 თეთრით შეამცირონ, თუმცა, როდის დაიწყებენ ამ პროცესს უცნობია.

ამასთან, როგორც კომპანია „სენტას“ დამფუძნებელმა, ზაალ იაკობიძემ პირველ არხს განუცხადა, საერთაშორისო ბაზარზე ფასი მცირდება, ხოლო ლარის კურსი მყარდება, ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში კი, 7-10 დღის ფარგლებში საწვავზე ფასის 10-20 თეთრიანი კლებაა მოსალოდნელი.