მიხეილ-გელა სალუაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტს ფიცის დადებამდე გადადგომას ურჩევს
მიხეილ-გელა სალუაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტს ფიცის დადებამდე გადადგომას ურჩევს

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულ კანდიდატს ფიცის დადებამდე გადადგომას ურჩევს.

სალუაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში ძალაში დარჩება კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია და ხელახალი არჩევნები კვლავ პირდაპირი წესით გაიმართება.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მათგანი, არჩევის შემთხვევაში, დაბალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი იქნება.

„ამომრჩეველი იძულებულია, შესაძლო არჩევანი გააკეთოს არა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია თქვენი კონკურენტი კანდიდატი“ – აღნიშნავს სალუაშვილი ღია წერილში.

მისი თქმით, არჩევნების ხელახლა დანიშვნის შემთხვევაში, ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ, მათთვის სასურველი არჩევანი ახალდასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის გააკეთოს.

მიხეილ-გელა სალუაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 2970 ხმა მიიღო.