მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილის განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს ემთხვევა
მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილის განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს ემთხვევა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს ემთხვევა.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, როცა პოლიტიკოსები აქტუალობას კარგავენ, ცდილობენ, ხელახლა გახდნენ აქტუალურები.

„ყველაფრისთვის აუცილებელი არ არის, გზავნილები „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსს დაემთხვეს. თუ „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლები პრეზიდენტს გაღვიძებისკენ მოუწოდებენ, აუცილებელი არ არის, მაინც და მაინც მათი გზავნილებით გაიღვიძოს. ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტის მესიჯბოქსი „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს ემთხვეოდა და დღესაც იგივე მოხდა. როცა თანამდებობის პირი გირგვლიანის მკვლელობას სარალიძის საქმეს შეადარებს, ტენდენცია ჩანს. როცა სახელმწიფო თანამდებობის პირები მკვლელობას უკვეთავენ, ამას ხელს მთელი სისტემა აფარებს და ამაზე სტრასბურგი ისაუბრებს, ხოლო შემდეგ ამას არასრულწლოვანთა უდიდეს ტრაგედიას შეადარებ, ეს ტენდენციას ნიშნავს და „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს ემთხვევა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ბოლოდროინდელ მოვლენებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს გამოეხმაურა. მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შესთავაზა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართოს.