მამუკა ბახტაძემ OGP-ს სამიტის მონაწილეებს მიმართა - ჩვენს ქვეყანაში საშუალება გექნებათ, ნახოთ უნიკალური კულტურა, მოუსმინოთ ფოლკლორს და გასინჯოთ ღვინო  
მამუკა ბახტაძემ OGP-ს სამიტის მონაწილეებს მიმართა - ჩვენს ქვეყანაში საშუალება გექნებათ, ნახოთ უნიკალური კულტურა, მოუსმინოთ ფოლკლორს და გასინჯოთ ღვინო  

საქართველო, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სხვა ქვეყნები, კვლავ დგას გამოწვევების წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP)მე-5 გლობალური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველომ OGP-ის მმართველ კომიტეტს რეზოლუცია შესთავაზა, რომელშიც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები.

„გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, შესაძლებლობა გვეძლევა, ვიმსჯელოთ არსებულ გამოწვევებზე, „ღია მმართველობის“ ლიდერთა გაერთიანებით შესაძლებელი გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და შედეგზე ორიენტირებული ვალდებულებების აღება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობა“ ეს არის პირველ რიგში, მოქალქეებისთვის ხელშესახები ცვლილებების მიღწევის შესაძლებლობა.

საქართველო ისევე, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა ქვეყნები, კვლავ დგას გამოწვევების წინაშე. ამიტომ სამიტის ფარგლებში, ჩვენ მმართველ კომიტეტს შევთავაზეთ რეზოლუციის მიღება, სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ განვითარებასა და გამჭვირვალე მმართველობას. ეს რეზოლუცია გუშინ OGP-ის მმართველმა კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა და მათ ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმმა დაამტკიცა „ღია მმართველობა საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებას, საჯარო ფინანსების უფრო ეფექტურ მართვას და უსაფრთხო გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

როგორც პრემიერმა განმარტა, საქართველომ, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანამ, ოთხი მთავარი მიზანი დაისახა: მოქალაქეთა ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერება; მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; საჯარო სერვისების მიწოდებაში ინოვაციების დანერგვა და ღია მმართველობის პარტნიორობის, როგორც ინიციატივის მნიშვნელოვანი გაძლიერება და განმტკიცება.

„სამიტის დაგეგმვისას სწორედ ეს თემატიკა გავითვალისწინეთ. იმედს გამოვთქვამ, ეს ფორუმი იქნება საუკეთესო საშუალება ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. კიდევ ერთხელ მსურს, თითოეულ თქვენგანს გადავუხადო დიდი მადლობა საქართველში ჩამობრძანებისთვის. ჩვენს ქვეყანაში თქვენ საშუალება გექნებათ ნახოთ და შეიგრძნოთ უნიკალური კულტურა, რომელიც არის საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, მოუსმინოთ ჩვენს ფოლკლორს და გასინჯოთ ჩვენი ღვინო“, – მიმართა პრემიერმა სამიტის მონაწილეებს.

მან მთავრობათა და სამოქალაქო საზოგადოებათა შორის გამოცდილების გაზიარებისთვის მზაობა დაადასტურა.

„მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე ნება, აქტიურად დავუჭიროთ მხარი მთავრობათა და სამოქალაქო საზოგადოებათა შორის გამოცდილების გაზიარების პროცესს და ღიაობისთვის ჯანსაღ, მაგრამ ამავე დროს, საინტერესო კონკურენციას“, – განაცხადა პრემიერმა.

OGP გლობალური სამიტი ფილარმონიაში მიმდინარეობს, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

ამასთან, თბილისში, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე  ღონისძიების მონაწილეებს მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია სიტყვით მიმართავს.