მამუკა ბახტაძე - მარიხუანას კულტივაციაზე საკანონმდებლო ჩარჩოს თვალსაზრისით არ შეიძლება, ნაცრისფერი ზონა არსებობდეს
მამუკა ბახტაძე - მარიხუანას კულტივაციაზე საკანონმდებლო ჩარჩოს თვალსაზრისით არ შეიძლება, ნაცრისფერი ზონა არსებობდეს

მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩარჩოს თვალსაზრისით არ შეიძლება, ნაცრისფერი ზონა არსებობდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული და საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობოდეს.

„როდესაც ვსაუბრობდეთ მარიხუანას კულტივაციაზე, არ შეიძლება არსებობდეს ნაცრისფერი ზონა საკანონმდებლო ჩარჩოს თვალსაზრისით. უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული და ეყრდნობოდეს საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს დღეს მსოფლიოში და წამყვან ქვეყნებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება ლიცენზიას და სხვა ნიუანსებს მთავრობის პოზიცია ამ მიმართულებითაც მკაცრი რეგლამენტირებაა.

„საკითხის განხილვისას გექნებათ საშუალება, დეტალები და ნიუანსები მოისმინოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ, რომ მკაცრი პოზიცია გვქონდეს, როგორც მოხმარების ნაწილში, ამავე დროს, კულტივაციის მხრივაც უმკაცრესი ჩარჩოები იყოს. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, ეს ჩარჩოები არის იმდენად ეფექტიანი, რომ არ შეუქმნის რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობას და არ მოხდება ე.წ. ნაცრისფერი ზონის შექმნა, სადაც სხვადასხვა უპასუხისმგებლო ეკონომიკური საქმიანობა ყოველგვარი რეგულაციების გარეშე განხორციელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტსა და სხვა თანმდევ კანონებში ცვლილებების პროექტის დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანა ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე დადგა, მარიხუანას მოხმარება პირად სივრცეში აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. „როგორც კი გამოქვეყნდა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარებისთვის და შესაბამისად, ახალი რეგულაციების კანონპროექტი იქნა მომზადებული, რომელიც იქნება დღეს განხილული მთავრობის სხდომაზე,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ კანონპროექტი შემდეგ საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.