მამუკა ბახტაძე - ფარმაცია უსამართლო რეჟიმის კარგი მაგალითია, ვაჭრობის სფეროში მსგავსი პრეცედენტები მოკლე ვადაში უნდა მოგვარდეს
უსამართლო რეჟიმის კარგი მაგალითი გახლავთ ფარმაცია. სამწუხაროდ, გვაქვს ასეთი პრეცედენტები ვაჭრობაში და ამ თემას სჭირდება დაკორექტირება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საკანონმდებლო ორგანოში, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.
„მე რამდენიმე კანონპროექტის ინიცირება გავაკეთე, რომელიც უახლოეს მომავალში შემოვა, სადაც ნათელი იყო ძალიან უსამართლო რეჟიმები. ამის კარგი მაგალითი გახლავთ მაგალითად, ფარმაცია, სადაც იმპორტირებულ პროდუქციაზე, ფაქტობრივად, დღგ-ს გადასახადი განულებული იყო, მაშინ, როცა ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში უწევდა დღგ-ს გადახდა“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის შეფასებით, ასეთი პრეცედენტები ვაჭრობის სფეროში არსებობს, რაც ძალიან მოკლე ვადებში საჭიროებს მოგვარებას.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ასეთი პრეცედენტები ვაჭრობაში და რა თქმა უნდა, ამ თემას სჭირდება დაკორექტირება. ამას აუცილებლად გავაკეთებთ და გავაკეთებთ ძალიან მოკლე ვადებში,“ – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.