მამუკა ბახტაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საოჯახო სასტუმრო და მარანი დაათვალიერა  
მამუკა ბახტაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საოჯახო სასტუმრო და მარანი დაათვალიერა  

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში არჩილ კერესელიძის საოჯახო სასტუმროსა და მარანში იმყოფებოდა.

პრემიერმა რაჭის ტურისტულ პოტენციალზე და საოჯახო სასტუმროების განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კომპონენტს, რომელიც სასტუმროების განვითარებაზეა ორიენტირებული.

საოჯახო სასტუმროს მეპატრონეების განცხადებით, მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და აღნიშნულ ბიზნესს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლების ინტერნეტიზაციის პროცესზე, რომელიც კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა წარიმართოს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია, რაჭაში გაიზარდოს ტურისტებისა და ვიზიტორების რიცხვი და რაჭა იქცეს ოთხსეზონიან კურორტად. ეს კი, მისი თქმით, ხელს შეუწყობს რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას.

პრემიერ-მინისტრი დღეს ამბროლაურში „ფუძეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფებოდა.