ლევან იზორია - საერთაშორისო თანამეგობრობა იმაღლებს ხმას, რომ რუსეთს მუდმივად შეახსენოს საქართველოდან ჯარის გაყვანის ვალდებულება
ლევან იზორია - საერთაშორისო თანამეგობრობა იმაღლებს ხმას, რომ რუსეთს მუდმივად შეახსენოს საქართველოდან ჯარის გაყვანის ვალდებულება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად  უნდა იდგეს რუსეთის ვალდებულებების და პასუხისმგებლობის საკითხი, რომ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან თავისი შეიარაღებული ძალები. ამის შესახებ იზორიამ ჟურნალისტებს ბრიუსელში, აშშ-ს კონგრესში გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განუცხადა.

„საერთაშორისო ურთიერთობები ემყარება ვალდებულებებს პასუხისმგებლობებს. შესაბამისად, აქტიურად უნდა გაჟღერდეს საერთაშორისო დღის წესრიგში ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რაც რუსეთს აკისრია საქართველოსთან მიმართებაში – გაიყვანოს ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები. ეს უნდა იყოს ყოველდღიური მოთხოვნის და ვალდებულების საგანი, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ მოახდინოს მაქსიმალური კონსოლიდირება და მაქსიმალური მობილიზება“, – განაცხადა იზორიამ.

მისი თქმით, აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

„ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო  საზოგადოებისთვის, რადგან ჩვენ ცივილიზებულ სამყაროში ურთიერთობები გვქონდეს თითოეული ერის სუვერენული უფლების პატივისცემის ფარგლებში და საერთაშორისო ნორმების პატივისცემის ფარგლებში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისი შეფასებით, საქართველოს ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ თვალსაზრისით, მაქსიმალურად იმაღლებს ხმას იმისთვის, რომ ვალდებულება და პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ყოველთვის შეახსენოს.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში, 17 ივლისს თემაზე – „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“ მოსმენა გაიმართა.