ლევან გოგიჩაიშვილი - საბაზრო ეკონომიკის განვითარებას სამართლიანი თამაშის წესები სჭირდება და მამუკა ბახტაძემ ვითარების მოგვარება დაიწყო
ლევან გოგიჩაიშვილი - საბაზრო ეკონომიკის განვითარებას სამართლიანი თამაშის წესები სჭირდება და მამუკა ბახტაძემ ვითარების მოგვარება დაიწყო

საბაზრო ეკონომიკის განვითარებას სამართლიანი თამაშის წესები სჭირდება და პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დაიწყო ამ მიმართულებით არსებული ვითარების მოგვარება დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო საკითხებზე ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარდგენილ ახალ წინადადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ადვოკატთა ასოციაცია კიდევ უფრო მეტ რეგულაციას ითხოვს.

„ასოციაცია არის ძალიან კვალიფიციური ორგანიზაცია, რომელშიც უამრავი ადვოკატია გაერთიანებული. ისინი იმ მოქალაქეთა ადვოკატები არიან, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. საბაზრო ეკონომიკის განვითარებას სჭირდება სამართლიანი თამაშის წესები და მამუკა ბახტაძემ ამ მიმართულებით არსებული სიტუაციის მოგვარება დაიწყო. ძალიან საინტერესო ინიციატივები არის შემოსული, რომელიც გარემოს გააჯანსაღებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის წინადადებებს, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ამაზე მსჯელობა გაიმართება.

„რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის წინადადებებს, ბუნებრივია, ჩვენ პროცესში ვიმსჯელებთ, თუ ახლა არ მოესწრება, ეს საკითხები შეგვეძლება საშემოდგომო სესიაზე განვიხილოთ. აქ არის ჩართული მთავრობა, პარლამენტი, შესაბამისად, აღნიშნული საკითხები გაანალიზდება. არ გამოვრიცხავ, რომ მეორე მოსმენის დროს შევიტანოთ მათი იდეები კანონპროექტში, თუ ამას მთავრობა და პარლამენტი მხარს დაუჭერს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, აბსოლუტურად მისაღებია, რომ მსგავს ინიციატივებს მხარს უჭერს ისეთი ორგანიზაცია, როგორიც ადვოკატთა ასოციაციაა.

„აბსოლუტურად მისაღებია ფაქტი, რომ ასეთი ორგანიზაციები მხარს უჭერენ მთავრობის ინიციატივას, პრინციპში, ეს არა ინიციატივა, არამედ ხალხის დაკვეთაა. ეს არის დამატებითი ანალიტიკა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ და ავსახოთ ისინი საკანონმდებლო ინიციატივებში“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, დღეს ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე ასოციაციამ სასესხო-საკრედიტო საკითხებზე სამართლებრივი მექანიზმების დახვეწის მიზნით, წინადადებები წარადგინა. ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლებას ჭარბვალიანობის წინააღმდეგ უფრო რადიკალური და თამამი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.