ლევან დავითაშვილი - სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებას აღარ განახორციელებს, ამის საჭიროება აღარ არსებობს
ლევან დავითაშვილი - სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებას აღარ განახორციელებს, ამის საჭიროება აღარ არსებობს

სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებას აღარ  განახორციელებს, ვინაიდან სახელმწიფოს ჩართულობის საჭიროება აღარ არსებობს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რთველთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, წელს სახელმწიფო მთლიანად გამოდის ამ სექტორის თანადაფინანსებიდან.

„წელს სახელმწიფო მთლიანად გამოდის სექტორის თანადაფინანსებიდან და დახმარებიდან, მათ შორის სუბსიდირების სექტორიდან. ჩვენ ადრეც დავაანონსეთ, რომ წლიდან წლამდე შევამცირებდით სახელწიფოს მონაწილეობას და დახმარებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, წელს სახელმწიფო დაფინანსების კუთხით რთველში აღარ ჩაერთვება.

„2018 წელს სახელმწიფო არანაირი ტიპის ჩართულობას დაფინანსების კუთხით რთველში არ განახორციელებს, თუმცა საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფი იარსებებს, ისევე როგორც წინა წლებში. ხარისხის კონტროლისთვის კარგი პრაქტიკაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი, სადაც ჩვენ პოზიტიური დინამიკა შევქმენით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით,  სახელმწიფოს ინტერვენციების გარეშე აღნიშნული დარგი მსგავსი სწრაფი ტემპით  ვერ განვითარდებოდა.

„ახლა შევაფასეთ, რომ ჩვენი ჩართულობა საჭირო აღარ არის. სუფთა საბაზრო ეკონომიკის პირობებით განისაზღვრება, როგორც ფასი, ისე მიწოდების პრინციპები და შესაბამისად, სახელმწიფოს ჩართულობა ნამდვილად ზედმეტია“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.