კობა დავითაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
კობა დავითაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წლიანი მმართველობის შესაფასებლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ დავითაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა, თანაგუნდელებთან და 2004-2012 წლებში წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულ პირებთან ერთად გამართა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ყველა ნაყოფს უნდა მიეცეს პოლიტიკური შეფასება. ამავე დროს, აუცილებელია, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია იმ ცხრა წლის შესაფასებლად, როცა ქვეყანას „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა.

 „კ​​ომისიაში უმრავლესობა „პატრიოტთა ალიანსს” უნდა ჰქონდეს, რადგან უცნაური იქნება, „ნაციონალური მოძრაობასა” და „ევროპული საქართველოს”  უმრავლესობა მიეცეს იმ კომისიაში, რომელმაც მათი საქმიანობის შედეგები უნდა გამოიძიოს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, 9-11 წევრიანი კომისიის დასკვნის საფუძველზე „თავისუფლების აქტში“ ცვლილება უნდა შევიდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცისტურ და ფაშისტურ პარტიებს უნდა გაუთანაბრდეს.

„მათთვის გარკვეული პერიოდით სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აიკრძალოს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზად ვარ, ამაზე პასუხი ვაგო და მეც ამეკრძალოს. „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ – სჯობდა, ადრე გაკეთებულიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რადგან ადრე არ გაკეთდა, საერთოდ არ გაკეთდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეხვედრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე ისაუბრეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარებას ითვალისწინებს. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს მხარს 300 ათასი ადამიანი უჭერს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ია მეტრეველი, კობა დავითაშვილი, ნორა კვიციანი, ნანა თეთრაძე, თამაზ მოლაშვილი და სხვები. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ელენე თევდორაძე.