კარლ ჰარცელი - ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დიდი ყურადღება ეთმობა 
კარლ ჰარცელი - ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დიდი ყურადღება ეთმობა 

ევროკავშირის მიერ საქართველოს დიდი ყურადღება ეთმობა, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ფინანსურადაც და სხვა დახმარებებიც მოდის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, საქართველოში ევროკავშირის მხრიდან მილიონობით ლარის ინვესტიცია იდება.

„დღეს საშუალება მექნება, მონაწილეობა მივიღო ცერემონიაში, სადაც ERASMUS+ პროგრამაში ახალ საგრანტო კონკურსს გამოვაცხადებთ. ეს ფუნდამენტური პროექტი ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელშემწყობი საკითხია. ERASMUS+ პროგრამაში საქართველო ბენეფიციარებს შორის მერვე ადგილზეა. ხედავთ საქართველოს მიმართ რა ენთუზიაზმით ვართ განწყობილი. დღეს 800-მდე ახალი სტიპენდია გამოცხადდება“, – განაცხადა ჰარცელმა.

ამასთან, ელჩის თქმით, საქართველოში რეფორმების მხარდაჭერა გაგრძელდება.

„ევროკავშირის მხრიდან მონიჭებული ძალიან ძლიერი მანდატით მოვდივარ, რომ საქართველოში რეფორმების ხელშეწყობა გავაგრძელოთ. ასევე მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ერთად, რომ პროცესი სწორი მიმართულებით წავიდეს“, – აღნიშნა ჰარცელმა.

მისი შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო პროგრესს აღწევს.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ ვიზალიბერალიზაცია რეალობა გამხდარიყო, რადგან ამას საქართველო ნამდვილად იმსახურებდა. ძალიან მიხარია, რომ თქვენ ამ შედეგს მიაღწიეთ გამოწვევების მიუხედავად, რომელიც მაშინ მიგრაციის კრიზისიდან გამომდინარე ევროკავშირში იყო“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

რაც შეეხება მედიას, როგორც ელჩი განმარტავს, ევროკავშირი მედიას დიდ ყურადღებას აქცევს, რადგან ჯანსაღი და კარგი დემოკრატიისთვის მედია ერთ-ერთი მთავარი სვეტია.

„მოსახლების ნდობა მედიის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი რამ ხდება, არა მხოლოდ ბოლო კვირებსა და თვეებში, ბევრ სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც გამოვლინდა. ჩვენ ამ გამოძიებებთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს“, – აღნიშნა ჰარცელმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ჩატარდება და განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.