კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი პროკურატურის მიმართ ნდობის გაზრდას ხელს ვერ შეუწყობს
კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი პროკურატურის მიმართ ნდობის გაზრდას ხელს ვერ შეუწყობს

ამოცანას, რომ ახალი მთავარი პროკურორი შერჩეულიყო პროცედურით, რომელიც პროკურატურას ნდობას მოუტანდა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავი ვერ გაართვა, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა.

„იმ მოვლენების შემდეგ, რამაც მთავარი პროკურორის ვადაზე ადრე გადადგომა გამოიწვია, სახელმწიფოს წინაშე იდგა ამოცანა, რომ ახალი მთავარი პროკურორი შერჩეულიყო პროცედურით, რომელიც პროკურატურას მოუტანდა ნდობას. თუმცა სამწუხაროდ, როგორც თავიდანვე იყო ნავარაუდევი, იუსტიციის მინისტრმა ამ ამოცანის შესრულებას ვერ გაართვა თავი“, – აღნიშნა კოჟორიძემ.

მისი შეფასებით, მინისტრმა დაარღვია კანონი, რადგან მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული კონსულტაციები არ გამართულა.

„როგორც იურისტი, პირდაპირ გეტყვით, მან დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და სხვებთან აწარმოოს კონსულტაციები. ასეთი ტიპის კონსულტაციები არ შემდგარა. ამის შემდეგ მან დაასახელა სამი კანდიდატი და ბოლოს ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ სამწუხაროდ, საპროკურორო საბჭომ არ წარმართა პროცესი გამჭვირვალედ, სადაც საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, მოესმინა კანდიდატების მიმართ არსებული კითხვები და მათი პასუხები“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

კახა კოჟორიძე მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესს უარყოფითად აფასებს.

„მთლიანობაში, ეს იყო ცუდი პროცესი, რომელიც პროკურატურის მიმართ ნდობის გაზრდას ხელს ვერ შეუწყობს“, – აღნიშნა კოჟორიძემ.

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია.