კახა კალაძე - პრეზიდენტს არ სჭირდება იმდენი თანამშრომელი, რომ მისი რეზიდენცია ავლაბრის სასახლეში იყოს განთავსებული
კახა კალაძე - პრეზიდენტს არ სჭირდება იმდენი თანამშრომელი, რომ მისი რეზიდენცია ავლაბრის სასახლეში იყოს განთავსებული

პრეზიდენტს აღარ აქვს ის უფლება-მოსილებები, რაც 2012 წლამდე ჰქონდა, შესაბამისად, არც იმდენი თანამშრომელი სჭირდება, რომ ავლაბრის სასახლეში იყოს განთავსებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, თუ სად უნდა იყოს ახალი პრეზიდენტის რეზიდენცია.

მისი თქმით, თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია ამისთვის საუკეთესო ადგილია.

„ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა. პრეზიდენტს აღარ აქვს ის უფლება-მოსილებები, რაც 2012 წლამდე იყო. შესაბამისად, არც იმხელა სტაფი სჭირდება, რომ მაგალითად, ავლაბრის სასახლეში იყოს განთავსებული. ათონელის რეზიდენცია საუკეთესო შენობა-ნაგებობაა და ადგილიც, რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, ყველანაირი შინაარსით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნული კომენტარი თბილისში, ორბელიანის მოედანზე გააკეთა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია 18 მისამართს შეეხება. მოედანზე მიმდინარე სამუშაოებმა ქალაქის მერი დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად გაეცნო.