კახა კალაძე - ძალიან ცუდია, რაც ონში მოხდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ გამოხმაურება ამ ფაქტზე არის სამარცხვინო
კახა კალაძე - ძალიან ცუდია, რაც ონში მოხდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ გამოხმაურება ამ ფაქტზე არის სამარცხვინო

ძალიან ცუდია ონში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის დაჭრის ფაქტი, თუმცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გამოხმაურებები სამარცხვინოა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყოფით პირობებში მომხდარი დაპირისპირება პოლიტიკურად შეფუთოს.

„ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა, თუმცა უნდა აღვნიშნო გამოხმაურება, რაც მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, სამარცხვინო მინდა ამას ვუწოდო. ისინი ცდილობენ, ისაუბრონ იმაზე, რომ ყოფით პირობებში მომხდარი ჩხუბი და დაპირისპირება, თითქოს პოლიტიკური ნიშნებით მოხდა. ვისზეც საუბარია, ამ პიროვნებას „ქართულ ოცნებასთან“ საერთოდ არანაირი კავშირი აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს იყო გაურკვევლობა ორ პირს შორის, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

„დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახურები ფაქტს აუცილებლად გამოიძიებენ“, – განაცხადა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონში ნოდარ ბურდილაძის დაჭრის ფაქტზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ამასთან, გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დაჭრილი ონში მათი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია და მომხდარს ბურდილაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

შემთხვევა ონში გუშინ მოხდა. ამასთან, დანაშაულის შემსწრე დაცვის პოლიციის თანამშრომელს გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.