ივანე მაჭავარიანი - სესხს მიიღებს ყველა, ვისაც გადახდის საშუალება ექნება
ივანე მაჭავარიანი - სესხს მიიღებს ყველა, ვისაც გადახდის საშუალება ექნება

საბანკო სესხს მიიღებს ყველა, ვისაც გადახდის საშუალება ექნება, – ამის შესახებ ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანს ჟურნალისტებმა ბანკების პროგნოზთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი, რომელიც 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, 3 პროცენტით შეამცირებს ეკონომიკის ზრდას.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ნეგატიური გავლენა პროგნოზირებულია, მხოლოდ 0.6 პროცენტზე, ისიც მხოლოდ მოკლე ვადაში.

„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ 0,6 პროცენტი ექნება ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა, ისიც მოკლე ვადაში და ერთ წელიწადში ესეც გასწორდება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ეკონომიკური კრიზისის საფუძველი ჭარბვალიანობაა.

„ნებისმიერი კრიზისი რომ აიღოთ მსოფლიოში, ყოველთვის მის ძირში დევს ჭარბვალიანობა. ეს იწვევს კრიზისს. ამან გამოიწვია 30-იან წლებში ამერიკაში და 2008 წელსაც. ყოველთვის ჭარბვალიანობა დევს ყველა კრიზისის სათავეში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს სჭირდებოდა მიხედვა. ეს იყო ტოქსიკური გზა, რეალურად არანაირ შვებას არ აძლევდა ადამიანებს გრძელ ვადაში. სესხს მიიღებს ყველა, ვისაც მისი გადახდის საშუალება ექნება. ღმერთმა დაიფაროს, რომ საბანკო სექტორი დაზიანდეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი შეფასებით, საბანკო სექტორი ერთ-ერთი მზარდი ფინანსური სექტორია, რომლის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება.

„ამ სექტორს არაფერი ემუქრება, არც მის სტაბილურობას. უბრალოდ, ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით უმნიშვნელო კორექცია ხდება“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.