ირმა ინაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს - ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და გაყიდეთ კოდორი [ვიდეო]

თქვენთვის დასათმობი საქართველო არ გვაქვს, ამ ქვეყანას ხელში ვეღარ ჩაიგდებთ,  – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ევროპულ  საქართველოს“ თავიანთ დანაშაულებზე საუბარი არ სურთ, რადგან ის იყო სისხლის სამართლის დანაშაული და არა შეცდომა.

„ამ ქვეყანას ხელში ვეღარ ჩაიგდებთ. ძალიან მკაფიოდ გეუბნებით, თქვენთვის დასათმობი საქართველო ჩვენ არა გვაქვს.  იცით  თქვენგან რით განვსხვავდებით? ჩვენ 15 წელზე ვსაუბრობთ. სარალიძის საქმეც უნდა გამოიძიონ, მაჩალიკაშვილის საქმეც უნდა გამოიძიონ და გამოიტანონ, თუ რამე მტკიცებულებები აქვთ. ამას ვითხოვ შინაგან საქმეთა მინისტრისაგან, მაგრამ არ გინდათ საუბარი იმაზე, რაც ჩაიდინეთ თქვენმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რადგან ეს შეცდომა კი არა სისხლის სამართლის დანაშაული იყო. ყოველდღე უნდა უხდიდეთ მადლობას ბიძინა ივანიშვილს, რომ მან გადაგარჩინათ და „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ეს პრეტენზია აქვს „პატრიტთა ალიანსს“ „ქართულ ოცნებასთან“.

გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ. თქვენი არავის ეშინია ამ ქვეყანაში. იმ პლაკატებს ახლა აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამით. ჩვენც დაგივლით სათითაოდ. ყველას კარებთან მოვალთ და ვერავინ გამაჩერებს. ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და კოდორი გაყიდეთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატმა, მათავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს მოუწოდა, გამოიძიოს „ახალგორისა და კოდორის გარიგების საკითხი“.

„შალვა თადუმაძეს მოვუწოდებ, მთავარ პროკურორს, რატომ არ იძიებს ახალგორისა და კოდორის გარიგების საკითხს, რუსეთს როგორ აჩუქეს ამ მოღალატეებმა, როგორ ჩააბარეს. არც ომი იყო და არც არაფერი ხდებოდა იქ, გაყიდეთ ქართული მიწები და დღეს კიდევ გამოდიხართ გრძელი ენით გველაპარაკებით იმაზე, რომ თურმე ლეგიტიმაცია გაქვთ. რა ლეგიტიმაცია გაქვთ, 17,5 პროცენტია რაც ვაშაძემ მიიღო საერთო ამომრჩევლის, 82 პროცენტმა უარი გითხრათ. მეორე ტურში კიდევ მეტი გეტყვით უარს. ბოლომდე გაგასწორებთ მიწასთან პოლიტიკურად, მორალურად და ზნეობრივად. ამიტომ გეუბნებით, ჩააქრეთ ფარები, თქვენი „ტიტუშკების“ არავის ეშინია. არც გვარამიასი ეშინია არავის, იქიდან დედას რომ იგინება. დედის გინებაზე კი არა, დაგივლით სათითაოდ, დედიან-მამიამად, სულ ყველას“, – მიმართა ირმა ინაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.