ირმა ინაშვილი - მოვუწოდებ ძალოვან სტრუქტურებს, მიიყვანონ გამოძიება ბოლომდე და ეს ხალხი პარლამენტის წინამდებარე ტერიტორიიდან გაუშვან სახლში 
ირმა ინაშვილი - მოვუწოდებ ძალოვან სტრუქტურებს, მიიყვანონ გამოძიება ბოლომდე და ეს ხალხი პარლამენტის წინამდებარე ტერიტორიიდან გაუშვან სახლში 

მოვუწოდებ ძალოვან სტრუქტურებს, მიიყვანონ ბოლომდე გამოძიება, დააკავონ ყველა, ვინც დამნაშავეა და ეს ხალხი პარლამენტის წინამდებარე ტერიტორიიდან გაუშვან სახლში, –  ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ირმა ინაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ინაშვილი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დეპუტატებს არ აქვთ უფლება,  ბიუროს სხდომაზე კონკრეტული პირი დამნაშავედ გამოაცხადონ.

„სულ რომ მკვლელი იყოს მ.კ. და სულ რომ მტკიცებულებები ჰქონოდა თქვენს კომისიას, არავითარი სამართლებრივი ბერკეტი და საფუძველი არ გაქვთ, რომ ბიუროს სხდომაზე მკვლელად გამოაცხადოთ კონკრეტული ადამიანი, რაც თქვენ გააკეთეთ დღეს და ამითი ჩრდილი მიაყენეთ საქართველოს პარლამენტს და ქართულ მართლმსაჯულებას.

ძალოვან სტრუქტურებს მოვუწოდებ, ასე მგონია, რაღაც „ტოპკას“ გიწევენ და ამ საქმეებს იმიტომ არ იძიებენ, თორემ არაფერი დიდი გამოძიება ამას არ უნდა, ჩავიდნენ და ეს საქმეები ბოლომდე მიიყვანონ, დააკავონ ყველა, ვინც დამნაშავეა და ეს ხალხი პარლამენტის წინამდებარე ტერიტორიიდან გაუშვან სახლში“, – მიმართა ინაშვილმა საგამოძიებო კომისიის წევრებს.

მისი თქმით, დეპუტატები სამართლებრივ ჩარჩოებს არ უნდა გაცდნენ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დეპუტატებსაც, სამართლებრივ ჩარჩოებს ნუ გაცდებით და ძალოვან სტრუქტურებს, გამოიძიონ მაჩალიკაშვილის საქმეც, სარალიძის საქმეც და ბოკერიას საქმეც, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში, როგორ აწამებდა, როგორც გასცა ციხის ბუნტის ბრძანება, ამდენი პატიმარი მოაკვლევინა და სხვა დანაშაულები. მაშინ იქნებით მართალი ხალხი, მაგრამ არა ხართ მართალი ხალხი, ამიტომ არ იღებს საქართველო და ქართველი ხალხი ამ გონორს და ამ შენიშვნებს“, – განაცხადა ინაშვილმა ბიუროს სხდომაზე.