ირაკლი კობახიძე - გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას კი, თავისუფლება
ირაკლი კობახიძე - გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას კი, თავისუფლება

გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას კი, თავისუფლება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას“ დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე პრინციპის გარანტი საქართველოში არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

„ჩემი პასუხი მარტივია. გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას სჭირდება თავისუფლება და ერთისა და მეორის გარანტი საქართველოში არის „ქართული ოცნება“, ჩვენი ხელისუფლება და შესაბამისად, ამ პრინციპის საფუძველზე ვმოქმედებთ. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვმუშაობთ ამ პრინციპით. მედია თავისუფალი გახდა 2012 წლიდან და ეს პრინციპი ზედმიწევნით იქნება დაცული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, მისი თქმით, ვარაუდი ან ჭორია განცხადებები იმაზე, რომ თითქოს, იყო შეთავაზება ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე, თუმცა ტელევიზიის დათმობის სანაცვლოდ.

„ეს არის გარკვეული ვარაუდი ან ჭორი, რომელზეც მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. პრინციპი არის განმსაზღვრელი და ვმოქმედებთ ამ პრინციპის შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.

ტელეკომპანია „იბერიამ“ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ,,იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.