ირაკლი გივიაშვილი - აგვისტოს ომის 10 წლისთავზე ევროკავშირის სახელით მხარდამჭერი განცხადება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ირაკლი გივიაშვილი - აგვისტოს ომის 10 წლისთავზე ევროკავშირის სახელით მხარდამჭერი განცხადება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას ევროსაბჭოში მაღალი პოლიტიკური წონა აქვს, – ამის შესახებ პირველ არხს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა განუცხადა, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე გამართულ განხილვაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით საქართველოს მხარდამჭერი განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ განცხადება ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთდა და დამატებით ევროპის საბჭოს 12 სახელმწიფო შეუერთდა.

„ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას ევროსაბჭოში საკმაოდ მაღალი პოლიტიკური წონა აქვს. როდესაც მას დამატებით ამდენი სახელმწიფო უერთდება, ცალსახად აჩვენებს, რომ ევროპის საბჭოს წევრების ძალიან დიდი უმრავლესობის პოზიცია არის ერთიანი, რომელიც ეხება საქართველოსთან დაკავშირებულ ომის თემატიკას. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რუსეთისთვის ეს საკმაოდ დიდი დისკომფორტია, რომელიც ღიზიანდება საქართველოს მხარდამჭერი ერთსულოვნებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს ომის ათი წლისთავზე ასეთი პოზიციები დაფიქსირდა. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად ეს კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა გივიაშვილმა.

მისი თქმით, განცხადებაში, პირველ რიგში, ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა და სუვერენიტეტი. კეთდება აქცენტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების უკანონოდ ყოფნაზე.

„დეტალურად არის საუბარი იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ევროკავშირის თავმჯდომარეობის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და პირდაპირ არის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ შეთანხმება შეასრულონ, გაიყვანონ ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და ასევე, საშუალება მისცენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომ ჰქონდეთ წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაგმობილია არჩილ ტატუნაშვილისა და გოგა ოთხოზორიას მკვლელობა “, – განაცხადა გივიაშვილმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1323-ე სხდომის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავის საკითხი განიხილეს. განხილვისას გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით. განცხადებას მიუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, მონაკო, მოლდოვა, ნორვეგია,  უკრაინა, სანმარინო და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.