იმერეთსა და ქვემო ქართლში იაფფასიან ჩინურ მობილურებს NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ყიდდნენ
იმერეთსა და ქვემო ქართლში იაფფასიან ჩინურ მობილურებს NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ყიდდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი ფაქტი გამოავლინეს.

სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, მობილური ტელეფონებითა და მისი აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე სუბიექტი ჩინური წარმოების იაფფასიანი მობილური ტელეფონების ნიშანდებას NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ახდენდა და მის რეალიზაციას ბრენდირებული ტექნიკის სახით ახორციელებდა.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურმა ჯამში NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი ამოიღო.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.