იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ავღანეთის მისიაში კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა
იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ავღანეთის მისიაში კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორდღიანი სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა ყურადღება ძირითადად, ავღანეთში ნატო-ს მისიის გაფართოებაზე გაამახვილა.

მისი თქმით, სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ავღანეთში ნატო-ს მისიის გაძლიერება „თალიბანისთვის“ წინააღმდეგობის გაწევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ იცის, რომ ნატოსგან თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში სრული მხარდაჭერა აქვს. შევთანხმდით, რომ ნატოს ხარჯები ავღანეთში 2 მილიარდი ევროთი გაიზრდება და ეს 2024 წლისთვის მოხდება. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალი სამხედრო-საჰაერო ძალების შექმნას, რაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში გადამწყვეტი ფაქტორია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ავღანეთში ნატო-ს მისია სამი მიმართულებით გაფართოვდება. პირველ რიგში, გაიზრდება სპეცდანიშნულების რაზმის წევრების რაოდენობა, შეიქმნება ახალი სამხედრო საჰაერო ძალები და გაიხსნება სამხედრო სასწავლო დაწესებულება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ დაფინანსებულ ინსტრუქტორებს გაგზავნიან.

ავღანეთში ნატო-ს მისიის გაფართოებაზე საუბრისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ამ მისიაში კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.