ზემო ფონიჭალაში ბაღის მეორე სართულიდან ბავშვის გადავარდნის საქმეზე ბაგა-ბაღის აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ზემო ფონიჭალაში ბაღის მეორე სართულიდან ბავშვის გადავარდნის საქმეზე ბაგა-ბაღის აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურეობრივი გულგრილობის და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელი ა.გ. და აღმზრდელის თანაშემწე მ.ვ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა

უწყების ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს, ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ა.გ.-მ და აღმზრდელის თანაშემწემ მ.ვ.-მ დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და უმეთვალყურეოდ დატოვეს სამი წლის აღსაზრდელი, რომელიც ღია ფანჯარასთან მივიდა და მეორე სართულიდან გადავარდა. შედეგად მცირეწლოვანმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

ა.გ.-ს მათ და მ.ვ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე  იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია  სხვა მძიმე შედეგი,) წარედგინა. საქალაქო სასამართლომ ორივე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს სამი წლით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

საუბარია გასული წლის სექტემბერში ზემო ფონიჭალაში მომხდარ შემთხვევაზე, რომლის დროსაც ბაღის მეორე სართულიდან მცირეწლოვანი გადავარდა.

დატოვე კომენტარი