გრიგოლ ვაშაძე - ჰააგაში 2008 წელს წარდგენილი სარჩელი სუსტი არ ყოფილა
გრიგოლ ვაშაძე - ჰააგაში 2008 წელს წარდგენილი სარჩელი სუსტი არ ყოფილა

წინა ხელისუფლების მიერ ჰააგის სასამართლოში 2008 წელს წარდგენილი სარჩელი სუსტი არ იყო, მაშინ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა იმაზე, რომ მხარეებმა არ ამოწურეს დიპლომატიური გზით მოლაპარაკებების ყველა საშუალება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლომ მოუწოდა მხარეებს, მოლაპარაკებები გაეგრძელებინათ.

„მოუწოდეს მხარეებს ეს მოლაპარაკებები გაეგრძელებინათ. ჩვენი ყველა მცდელობის მიუხედავად იმ პირობებში, როდესაც 2008 წელს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ იყო შესრულებული და რუსეთმა 26 აგვისტოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო აფხაზეთის და ცხინვალი რეგიონები, გასაგები იყო, რომ რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებზე არ წამოვიდოდა. არც ის დავივიწყოთ, რომ ეს გადაწყვეტილება ერთი ხმის განსხვავებით იქნა მიღებული. ჩვენ ყველა გზა გახსნილი გვქონდა და გვაქვს, რომ საქართველოს ინტერესების დაცვა გავაგრძელოთ ჰააგის სასამართლოში“, – განაცხადა ვაშაძემ.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ჰააგაში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის პირველ აპრილს ეს დავა წააგო. „სტრასბურგში როდესაც ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, შემდეგ გვაქვს რამდენიმე სცენარი განხილვაში, რომ ეს 2011 წელს სამარცხვინოდ წაგებული დავა, როგორმე შევატრიალოთ და სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოვიყენოთ, როგორც ახალი გარემოება, რადგან იმ გადაწყვეტილების, რომლითაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ჰააგიდან დაბრუნდა, ერთადერთი შებრუნების მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც მე უნდა ვცადო მაინც, რომ საქმე შევატრიალო“, – განაცხადა მინისტრმა.