გიორგი მარგველაშვილი - საქართველო პატივს სცემს ესტონეთის სწორ პოზიციას ტერმინ ოკუპაციის გამოყენებაზე
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო პატივს სცემს ესტონეთის სწორ პოზიციას ტერმინ ოკუპაციის გამოყენებაზე

საქართველო პატივს სცემს ესტონეთის მტკიცე და სწორ პოზიციას საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდისთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.

მან ესტონელ კოლეგას საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ გიმასპინძლოთ საქართველოში. მთელი გულით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გამოხატავთ საქართველოს მიმართ. გაქვთ მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპაციაზე, კონკრეტულად ტერმინ ოკუპაციის გამოყენებაზე. მინდა გითხრათ, რომ საქართველომ იცის ეს და პატივს სცემს თქვენს გამბედაობას და სწორ პოზიციას. მადლობა ასეთი მეგობრობისა და ძლიერი მხარდაჭერისთვის“, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს.

ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, ბევრი გზაა იმისთვის, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

„სხვა ღონისძიებებთან ერთად კონფერენციაში ვმონაწილეობ, რომელიც ტარდება სენატორ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით. ჩვენ ახლახან დავკარგეთ ჯონ მაკკეინი და ის, რასაც მაკკეინი აკეთებდა. ის ცოცხლობს ჩვენს გულებში. ყველა ერთად უნდა დავდგეთ მისი სახელით, რომ ხელი შევუწყოთ დასავლურ ალიანსებს და დემოკრატიებს. ასევე, ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ გამბედაობას, ყველაფერს საკუთარი სახელი დავარქვათ. მაგალითად , ოკუპაციას ოკუპაციას. მაშინაც კი, თუ ნახევარი საუკუნე სჭირდება სტრატეგიული მიზნების მიღწევას. ბევრი გზაა იმისთვის, რომ საქართველო დაუხლოვდეს ევროპას, შეასრულოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრისას კერსტი კალიულაიდისმა. 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ესტონეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსული ოკუპაციის შედეგებზე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და ამ მიმართულებით ესტონეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პრეზიდენტი კალიულაიდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე მკაფიოდ აფიქსირებს.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ვდა.

დატოვე კომენტარი