გიორგი გახარია - ნება იბოძეთ, დაასრულეთ კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და შემდეგ განვაგრძოთ მსჯელობა
გიორგი გახარია - ნება იბოძეთ, დაასრულეთ კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და შემდეგ განვაგრძოთ მსჯელობა

ჩვენ ველოდებით დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებსა და დასკვნებს, კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ დაადგინოს, ხომ არ ჰქონია მსგავს ფაქტებს ადგილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატ ოთარ კახიძის კითხვის პასუხად განაცხადა.

კახიძემ მინისტრს ჰკითხა, მიაჩნია თუ არა, რომ დასაწყებია გამოძიება იმის დასადგენად, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი ხომ არ იყენებდა თავის პირად ნაცნობობას ან სამსახურებრივ მდგომარეობას ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით.

„ეს არის თქვენი ამოცანა და ჩვენ ველოდებით თქვენი კომისიის რეკომენდაციას და დასკვნას. თქვენ ამისთვის შეიქმენით, იმისთვის, რომ დაადგინოთ, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი – ეს ერთი. მეორე – თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ გამომძიებელ ფიფიას მიერ ყველა მშობელთან განხორციელებული ზარი და ყველგან დავიწყოთ გამოძიება. ამიტომ ხართ თქვენ შექმნილი და ნება იბოძეთ, დაასრულეთ ეს კომისია. გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა“, – აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გახარიას თქმით, სუბელიანი დაკავებულია და მის მიმართ შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

„გამოძიება გრძელდება. თუ გამოვლინდა ისეთი ფაქტები, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, ეს პროცესი დაწყებულია, თუმცა თქვენ არ დაგიწყიათ და ნუ ბრძანებთ იმას, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა თქვენი კომისიის დაწყების შემდგომ. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქ არ ყოფილა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ოთარ კახიძის კითხვის პასუხად.

დეპუტატმა ოთარ კახიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ სუბელიანს საქმის უფროს გამომძიებელთან ჰქონდა ინტენსიური კავშირი. დეპუტატი კიდევ ერთხელ დაინტერესდა მინისტრის მოსაზრებით, არის თუ არა დღეს საკმარისი ინფორმაცია და საეჭვო გარემოებები სუბელიანის მიმართ გამოძიების დასაწყებად.

„თქვენს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ნუ ანაწილებთ სხვაზე ამ შემთხვევაში ჩვენზე. თქვენ ხომ  გინდოდათ ეს კომისია, ამისთვის შეიქმენით. ეს არის თქვენი მანდატი, დაასრულეთ და შემდგომ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მინისტრს უთხრა, რომ კომისია არა მათი სურვილის, არამედ იმის გამო შეიქმნა, რომ გამოძიება ჩიხში იყო შესული.

„ვაფასებ პოლიტიკურ სარკაზმს. ეს კომისია ჩვენ კი არ გვინდოდა, კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ ჩიხში შევიდა გამოძიება, კრიზისი იყო და ხალხი ქუჩაში იდგა, პოლიტიკური კრიზისი იყო“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.