გიგა ძნელაძე - მთავარ პროკურორს უწყების მიმართ ნდობის ამაღლებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების კონკრეტული ხედვა უნდა ჰქონდეს
გიგა ძნელაძე - მთავარ პროკურორს უწყების მიმართ ნდობის ამაღლებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების კონკრეტული ხედვა უნდა ჰქონდეს

საპროკურორო საბჭო დღეს პროკურორობის სამივე კანდიდატს გაესაუბრება და მათ ხედვებსა და გეგმებს მოისმენს, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე, საბჭოს წევრმა, გიგა ძნელაძემ განაცხადა.

„დღეს გაიმართება საპროკურორო საბჭოს სხდომა, სადაც საბჭოს წევრები შევხვდებით და გავესაუბრებით სამ შერჩეულ კანდიდატს. მოვისმენთ მათ ხედვებს, კონკრეტულ გეგმებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ პროკურატურის არსებული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცება, საზოგადოების ნდობის უფრო ამაღლება, ნაბიჯები, რომლებიც დაკავშირებულია პროკურატურის მომავალთან და მის შემდგომ განვითარებასთან“, – განაცხადა ძნელაძემ.

მისი თქმით, წარდგენილი არიან კვალიფიციური და ღირსეული კანდიდატები.

„ეს პროცესი არის საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, მასში ჩართულობა საკმაოდ დიდია. მონაწილეობს, როგორც აღმასრულებელი, ისე საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენელები, სასამართლო სისტემის, ადვოკატთა კორპუსის, აკადემიური წრეების. მოვისმენთ მათ პოზიციას, გეგმებსა და ხედვებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ძნელაძემ.

მისი შეფასებით, ახალ მთავარ პროკურორს პირველ რიგში, კონკრეტული ხედვა უნდა ჰქონდეს იმისა, თუ როგორ მოხდება უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, დამოუკიდებლობის განმტკიცება და ყველა გამოწვევაზე ღირსეული პასუხის გაცემა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა იმართება. საპროკურორო საბჭო  შალვა თადუმაძის, შალვა შავგულიძის და ნინო გოგნიაშვილს შორის  მთავარი პროკურორობის ერთ კანდიდატს შეარჩევს.