ფრანკფურტში დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება
ფრანკფურტში დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქში ევრო-4 და ნაკლები ეკოლოგიური სტანდარტის ავტომობილების შესვლა 2019 წლის თებერვლიდან იკრძალება.

„აკრძალვა აუცილებელია, რადგან ყველა სხვა ზომა, რომელსაც ხელისუფლება ალტერნატივის სახით განიხილავს, არ იწვევს ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას გონივრულ ვადებში“, – განაცხადა ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლემ.

ამასთან, სასამართლომ დაავალა ფრანკფურტის ხელისუფლებას, შემოიღოს დამატებითი ზომები ქალაქში ჰაერის გასასუფთავებლად, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტად ელექტროავტობუსების გამოყენება, ავტოპარკინგის ღირებულების გაზრდა, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებებთან ავტოსადგომების დამატება.

სასამართლოს გადაწყვეტილება ფრანკფურტში რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით მეოთხედს შეეხება.

ფრანკფურტისა და გერმანიის 28 სხვა ქალაქის სასამართლოებში სარჩელი ეკოლოგიურმა ორგანიზაცია Deutsche Umwelthilfe-მა შეიტანა. ოქტომბერში განიხილება ბერლინისა და მაინცის სარჩელები, ნოემბერში კი – ბონისა და კიოლნის.
ჰესენის ფედერალურ მიწაზე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული გეგმის მიხედვით, 2019 წლის სექტემბრიდან ქალაქებში შესაძლოა, ევრო-5-ის სტანდარტის მანქანების გამოყენებაც აიკრძალოს.

ამასთან, წელს დიზელზე მომუშავე ავტომობილების გადაადგილება ჰამბურგის ხელისუფლებამ აკრძალა. ანალოგიური აკრძალვის დაწესებას  აახენში, დიუსელდორფსა და შტუტგარტში განიხილავენ.