Financial Times - ბრიტანეთის ფინანსური სექტორი ევროპაში დომინანტია
Financial Times - ბრიტანეთის ფინანსური სექტორი ევროპაში დომინანტია

ბრიტანეთის ფინანსური სექტორი ევროპაში დომინანტია – ასეთი სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი სტატიას, სადაც ხაზგასმულია, რომ ე.წ. „ბრექსითის“ შემდეგაც ბრიტანეთის დედაქალაქი კვლავ ევროპის ფინანსურ ცენტრად დარჩება.

სტატია კაპიტალის ბაზრებზე ორიენტირებული ანალიტიკური ჯგუფისა და სადისკუსიო პლატფორმის New Financial-ის ბოლო კვლევას ეყრდნობა.  კვლევის მიზანი იყო გარეკვია, რამდენად ძლიერია ლონდონის ფინანსური ცენტრის პოზიციები, რომ მას გაერთიანებული სამეფო ევროკავშირთან მოლაპარაკებებში დაეყრდნოს.

კვლევის მიხედვით, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირის დატოვების შედეგად ბრიტანეთში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური სექტორის მეოთხედიც რომ დაკარგოს, ბრიტანული ფინანსური სექტორი ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბიზნესცენტრთან შედარებით, მაინც ორჯერ დიდი იქნება.

New Financial-ის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ფინანსური ცენტრია და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებს ჩამორჩება, თუმცა უსწრებს ჩინეთსა და იაპონიას. ბრიტანეთის ფინანსური სექტორი მოცულობით სამჯერ აღემატება საფრანგეთისა და გერმანიის ფინანსურ სექტორებს.

ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილებამ და ბრიუსელთან რთულმა მოლაპარაკებებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაააქტიურა დებატები, რომ „ბრექსითის“ შედეგად ლონდონის ფინანსური ცენტრის პოზიციები შესუსტდება და სიმძიმის ცენტრი ევროპის სხვა ქალაქებში გადაინაცვლებს.

ზოგიერთმა ქალაქმა მაგალითად, პარიზმა, ფრანკფურტმა, ლუქსემბურგმა, ამსტერდამმა და დუბლინმა გარკვეული სამზადისიც დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ კი, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე სიტყვით გამოსვლისას დღის წესრიგში დააყენა საკითხი, თუ როგორ იქცეს ფრანკფურტი ფინანსურ ჰაბად „ბრექსითის“ შემდეგ. რიგმა ფინანსურმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს ფიქრი, ევროპის რომელ ქალაქში გადაიტანონ ოფისები და ფილიალები. მიუხედავად ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ჯერ ვერც ერთმა ევროპულმა ქალაქმა ვერ შეძლო მკაფიო უპირატესობის მოპოვება.

New Financial-მა მსოფლიოს გარშემო ფინანსური აქტივობა შეისწავლა, მათ შორის საბანკო სექტორი, საპენსიო ფონდები, სადაზღვევო სექტორი, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზარი და საინვესტიციო ფონდები. კვლევამ მოიცვა არაფინანსური მახასიათებლებიც, როგორიცაა პოლიტიკური სტაბილურობა, სამართლებრივი გარემო და კეთილდღეობის დონე. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ „ბრექსითი“ დიდი ალბათობით ვერ მიაყენებს დიდ დარტყმას ლონდონის ფინანსური ცენტრის სტატუსს.

„გაერთიანებული სამეფო არ უნდა ჩავარდეს თვითკმაყოფილებაში ევროპის ფინანსურ სექტორზე საკუთარი დომინანტური პოზიციის გამო, მაგრამ დიდი ალბათობით „ბრექსითი“ კარგა ხანს არაფერს შეცვლის“, – განაცხადა New Financial-ის ხელმძღვანელმა, უილიამ რაითმა.