ევროკავშირის საბჭომ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ახალი სანქციების დაწესების მექანიზმი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ახალი სანქციების დაწესების მექანიზმი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ახალი სანქციების დაწესების მექანიზმი დაამტკიცა.

ამიერიდან ევროკავშირს საშუალება ექნება, სანქციები დააწესოს როგორც იურიდიული, ისე ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს ან ჩართული არიან ასეთი იარაღის წარმოებაში. ახალი სასანქციო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, სანქციები ასევე შეეხება კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფინანსურ, ტექნიკურ ან სხვა სახის დახმარებას უწევენ ქიმიური იარაღის შექმნასა და გამოყენებაში ჩართულ პირებს.

ახალი მექანიზმით, ყველას, ვის წინააღმდეგაც სანქციები ამოქმედდება, ევროკავშირის ტერიტორიაზე გახსნილ საბანკო ანგარიშებს დაუყადაღებენ. ფიზიკურ პირებს კი, ევროკავშირში ჩასვლას აუკრძალავენ.

ახალი მექანიზმის დამტკიცება ევროკავშირში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით ყოფილი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, ისევე, როგორც ევროკავშირი, თავდასხმაზე პასუხიმგებლობას რუსეთს აკისრებს.

ახალი სასანქციო რეჟიმის ფარგლებში შეზღუდვები სავარაუდოდ, პირველ რიგში, სწორედ სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილ, რუსეთის მოქალაქეებს – ბაშიროვსა და პეტროვს, ასევე მათ დამხმარე პირებსა და უწყებებს დაუწესდება.

სანქციები შეეხება სირიის მთავრობის იმ წარმომადგენლებსაც, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში სდებენ ბრალს.