ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის წევრების მხრიდან მტკიცებით ფორმაში საუბარი შესაძლოა, სასამართლოზე ზეწოლად იყოს აღქმული
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის წევრების მხრიდან მტკიცებით ფორმაში საუბარი შესაძლოა, სასამართლოზე ზეწოლად იყოს აღქმული

უმრავლესობის დეპუტატი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უმჯობესია, პოლიტიკოსებმა და კომისიის წევრებმა საქმის მტკიცებულებებთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში არ ისაუბრონ.

ამის შესახებ ეკა ბესელიამ დღეს კომისიის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია, რადგან საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვა ჯერ არ დაწყებულა და შესაძლოა, კომისიას სააპელაციო სასამართლოს პარალელურად მოუწიოს მუშაობა.

„ალბათ, პროკურორებს აქვთ უფლება ბრალი მტკიცებით ფორმაში დაამტკიცონ კიდეც, თუ მიაჩნიათ, რომ დადასტურებულია და მესმის, მათ კონკრეტული მტკიცებულების მიმართ პოზიცია ექნებათ, რომ  დადასტურებულად მიიჩნევენ. ჩვენ კი, კომისიის წევრებმა, პოლიტიკოსებმა ალბათ, უმჯობესი იქნება,  მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რა მიგვაჩნია სარწმუნოდ და რა არა, მტკიცებით ფორმაში პირდაპირ ეთერში არ ვისაუბროთ. ვფიქრობ, ეს არ იქნება მართებული, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაიწყოს განხილვა. თხოვნა მექნება, პროცედურულად ეს გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, შესაძლოა, აღნიშნული სასამართლოზე ზეწოლად იქნეს აღქმული.

„ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება გავითვალისწინოთ, რადგან პირდაპირ ეთერში მიდის სამწუხაროდ ასეთი საკითხები, რაც მგონია, სასამართლოს პარალელურად, ასევე ცოტა პრობლემურია. თუმცა, რადგან ასე ხდება, პოლიტიკოსების მხრიდან მტკიცებულებებზე მტკიცებით ნაწილში საუბარი ვფიქრობ, სასამართლოსთვის ზეწოლად აღქმული იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებს – მიხეილ შაყულაშვილსა და გიორგი გაბოძეს უსმენენ.