ეკა ბესელია - ახლა მიზანი ერთია, ქვეყანამ წინ გადადგას ნაბიჯი და წარსულში არ ჩაიძიროს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა  
ეკა ბესელია - ახლა მიზანი ერთია, ქვეყანამ წინ გადადგას ნაბიჯი და წარსულში არ ჩაიძიროს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა  

საარჩევნო კამპანიას შტაბი ხელმძღვანელობს და ამ პროცესში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ძალიან აქტიურადაა ჩართული, მას მუდმივი კონსულტაციები აქვს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისში დღევანდელ შეხვედრაზეც ბიძინა ივანიშვილი ისმენდა უმრავლესობის წევრების განწყობებს, ხედვასა და ანალიზს.

„ყველას მოგვისმინა და რაც საჭიროა, ახლა ერთად ვაანალიზებთ. ამ საკოორდინაციო მუშაობაში ბიძინა ივანიშვილიც ძალიან აქტიურად იქნება ჩართული. შტაბები ყველგან იმუშავებს, როგორც ცენტრალურ,  ასევე ადგილობრივ დონეზე. ჩვენს ყველა შესაძლებლობას გავაძლიერებთ. საზოგადოებრივი აქტიურობაც იწყება და ეს ბუნებრივი პროცესია. საზოგადოებრივი ცალკეული ჯგუფები აბსოლუტურად საკუთარი ინიციატივით იქმნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, 28 ოქტომბერს ალტერნატიული შესაძლებლობები იყო და  მოქალაქეების ხმები ნაწილდებოდა.

„ასეთი პოლარიზებული ორი არჩევანი არ იყო. დღეს არჩევანია: სააკაშვილი და მისი ჯგუფი, რომლის დიდი ნაწილი უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული და მეორე მხარეს არის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომლის მთელი წარსული ევროპული გამოცდილებაა. არის არჩევანი, რომელიც ქვეყნისთვის სიმშვიდის და ხვალინდელი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია, როგორც საპრეზიდენტო პოსტი. ეს არჩევნები სახიფათო იმიტომაც არის, რომ ძალა, რომელიც რევანშისთვის ემზადება, საფრთხეა ქვეყნისთვის, რადგან რევანშისთვის ემზადება, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირების შეწყალებისთვის ემზადება. ეს შესაძლოა, ისე ქაოტურად განხორციელდეს და პერსონალური შურისძიების პროვოცირებაც მოხდეს. უნდა გავაცნობიეროთ, ეს სადამდე მიგვიყვანს. იქ დაბრუნება აღარ შეიძლება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, მისი თქმით, კრიტიკა ობიექტურია და ბევრი რამ შესაცვლელია.

„ჩვენ ამ ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვხედავთ. ახლა ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველას ერთი მიზანი აქვს,  ქვეყანამ  წინ გადადგას ნაბიჯი და წარსულში არ ჩაიძიროს. სხვა ყველაფრის დრო დგება და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.