ეკა ბესელია - მეშახტეების ხელფასების საკითხი სამუშაო ფორმატში უნდა შეთანხმდეს
ეკა ბესელია  - მეშახტეების ხელფასების საკითხი სამუშაო ფორმატში უნდა შეთანხმდეს

მინდელის შახტში დასაქმებულთა ანაზღაურების საკითხზე შესაბამისი სამინისტრო და ამ პროცესის წარმომადგენლები სამუშაო ფორმატში უნდა შეთანხმდნენ,  – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი სამუშაო პროცესში უნდა გადავიდეს.

„შესაბამისი სამინისტრო და ამ პროცესის წარმომადგენლები ღია და სამუშაო დიალოგის ფორმატში უნდა შეთანხმდნენ, რომ პირობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და განცხადება, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა,  უზრუნველყოფილი და რეალიზებული იყოს დასაქმებული ადამიანებისთვის შრომითი პირობების დაცვის კუთხით. ხელფასებთან დაკავშირებითაც შეთანხმება უნდა შედგეს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უკვე სამუშაო პროცესშია გადასატანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მინდელის შახშტი გუშინ მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ შახტი დაიხურება და არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ამასთან, მისი თქმით, შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასი აუნაზღაურდებათ.

მეშახტეები კი, დღეს აქციაზე შახტის დახურვის პერიოდში დასაქმებულებისთვის ხელფასების გაცემის გადაწყვეტილების დოკუმენტურად გაფორმებას მოითხოვენ.