დიმიტრი გვრიტიშვილი „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” კვლევას არ ენდობა
დიმიტრი გვრიტიშვილი „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” კვლევას არ ენდობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას სასამართლო სისტემაში კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით არ ენდობა და მოუწოდებს ორგანიზაციას, გაასაჯაროოს იმ ანონიმურ პირთა ვინაობა, რომელთა ინტერვიუებშიც საუბარია სასამართლოს სისტემაში, გავლენებსა და კორუფციის რისკებთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, თუ ავტორები ამ პირთა ვინაობას არ დაასახელებენ, მაშინ მოუწევთ შეეგუონ, რომ მათი კვლევის მეთოდოლოგია კითხვის ნიშნებს აჩენს. გვრიტიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ კვლევაში მოყვანილი პირები საერთოდ არ არსებობენ.

„ყოველგვარი კვლევის სანდოობა განისაზღვრება იმის მიხედვით, რა მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს კვლევის ავტორი. მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ კვლევაში ასახული დასკვნები, შეფასებები, რეკომენდაციები, ეფუძნება რამდენიმე ანონიმურად გამოკითხულ ადამიანს, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვინაობა არის დაფარული. ორი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი მათი ვინაობის გამჟღავნება. პირველი, ჩვენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოგვეცეს შესაძლებლობა ელემენტარულად გადავამოწმოთ ამ ადამიანებმა მართლაც მისცეს თუ არა ამგვარი განმარტებები.

მეორე, გამოთქმულია საკმაოდ მძიმე ბრალდებები, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. იქ საუბარია ფულის აღებაზე გარკვეული პირების მხრიდან. თუ ვინმე ამ რამდენიმე ადამიანის გარდა მართლაც ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას ამგვარი ფაქტების და დანაშაულების შესახებ, ისინი უნდა შემოიფარგლონ არა მხოლოდ ოლღა შერმადინისთვის მიცემული ინტერვიუებით, არამედ მათ ჩვენება უნდა მისცენ სამართალდამცავ ორგანოებსაც.
მე ისიც არ ვიცი, არსებობენ თუ არა ეს ადამიანები, რადგან არ არის იდენტიფიცირებული. მჭირდება მეტი დასაბუთება და უტყუარი მტკიცებულება”,- განაცხადა გვრიტიშვილმა.

საბჭოს მოსამართლე წევრი, არ გამორიცხავს, რომ „საერთაშოროსო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემული ვარაუდი, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით, მართლაც იყოს სიმართლესთან ახლოს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა რაიმე ტიპის კორუფციის რისკები, საბჭო არ აპირებს დამნაშავე პირებისთვის ხელის დაფარებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებზე კვლევა წარადგინა, რომელშიც სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობ ძირითად ფაქტორებზეცაა საუბარი.