დავით ზალკალიანი - საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის შეუქცევადობას ადასტურებს
დავით ზალკალიანი - საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის შეუქცევადობას ადასტურებს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მადლობას უხდის საქართველოს პარტნიორებს, რომლებმაც გასულ დღეებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირეს.

მისი შეფასებით, საქართველოს მიმართ უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც ამ დღეებში დააფიქსირა მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, განსაკუთრებით ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს და უკრაინის ვიცე-პრემიერს; აშშ-ს მხრიდან იყო რამდენიმე მხარდამჭერი განცხადება და ვიდეომიმართვა; ასევე გერმანიას, ბელგიას, გაერო-ს გენერალურ მდივანს, დიდ ბრიტანეთს, დანიას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც მან აღნიშნა, განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის ფედერიკა მოგერინისა და დონალდ ტუსკის მიერ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა და მადლობა გადაუხადა ესტონეთს, იტალიას, იაპონიას, კანადას, ლიეტუვას, ლატვიას, მოლდოვას, ნორვეგიას, საფრანგეთს, სლოვენიას, პოლონეთს, რუმინეთს, უკრაინას, ფინეთს, შვედეთს, ჩეხეთის რესპუბლიკას მხარდამჭერი განცხადებებისთვის, ასევე ხორვატიას, რომელმაც განცხადება ევროპის საბჭოს სახელით გააკეთა.

„გარდა ამისა, თქვენ იხილეთ ერთობლივი მიმართვა, რომელიც ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ელჩების სახელით გაკეთდა, ასევე ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთისა და უკრაინის ერთობლივი კომუნიკე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გუშინ გაიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში საქართველოს შესახებ დისკუსია. მინდა მადლობა გადავუხადო გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც იყო ამ დისკუსიის ორგანიზატორი, სადაც საშუალება მიეცათ უშიშროების საბჭოს წევრებს, გამოეხატათ საკუთარი პოზიცია რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი შეფასებით, საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს, ადასტურებს ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის შეუქცევადობას.

„გზავნილები, რომელიც თბილისში მოვისმინეთ, რომ გავზარდოთ ჩვენი მიმზიდველობა, არის სრულ თანხვედრაში საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასთან. პრემიერ-მინისტრის განცხადებები და ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც მიმართულია სამშვიდობო პოლიტიკისკენ, არის შეუქცევადი. ჩვენ ვაგრძელებთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ასევე აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება და დაიწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, ანუ ყველა იმ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც ქმნის საფუძველს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.