დავით ზალკალიანი - ერთიანი გზავნილით უნდა მივმართოთ რუსეთს, შეაჩეროს აგრესიული პოლიტიკა და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას 
დავით ზალკალიანი - ერთიანი გზავნილით უნდა მივმართოთ რუსეთს, შეაჩეროს აგრესიული პოლიტიკა და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლის თავზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც დავით ზალკალიანის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერშია ნათქვამი, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და რეგიონების ოკუპაციის 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში, საქართველომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ ურყევი სწრაფვა აჩვენა.

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და ორი რეგიონის ოკუპაციის 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ურყევი სწრაფვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი გზავნილით მივმართოთ რუსეთს, რომ უნდა შეაჩეროს აგრესიული პოლიტიკა და პატივისცემით მოეკიდოს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“,  – წერს ზალკალიანი.

Twitter-ის გზავნილს თან ახლავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიდეომიმართვაც, რომელშიც ზალკალიანი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის 10 წლიან პერიოდში, საქართველომ კონფლიქტის მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა გასწია, მათ შორის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის გზით, სადაც ქართულმა მხარემ არაერთხელ დააყენა დღის წესრიგში ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები.

„რუსეთი აგრძელებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. ეს ხდება საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევითა და ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იგნორირებით. გზა მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ სწორედ ამ შეთანხმების სრულად ამოქმედებაზე გადის. რუსეთის შენაერთების გაყვანა გადამწყვეტია კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის. ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელი რჩება. ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა მთავრობამ დაყოფილი ხალხის შერიგებისა და ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების მიზნით გადადგა. მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთობა და რუსეთს მოვთხოვოთ აგრესიული პოლიტიკის შეჩერება, ასევე მოსკოვმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიდეომიმართვაში.

ზალკალიანის თქმით, მიუხედავად რუსეთის ოკუპაციისა, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება გააჩნია.

 

დატოვე კომენტარი