დავით ზალკალიანი - სენატში მაიკ პომპეოს მხრიდან საქართველოზე საუბარი აშშ-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელობაზე მიუთითებს
დავით ზალკალიანი - სენატში მაიკ პომპეოს მხრიდან საქართველოზე საუბარი აშშ-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელობაზე მიუთითებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებით, აშშ-ის სენატის მოსმენაზე სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და სენატორების მხრიდან საქართველოს საკითხზე საუბარი აშშ-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელობაზე მიუთითებს.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო მდივნის მხრიდან იყო გამოხმაურება საქართველოზე და მან ახსენა საქართველო თავის გამოსვლაში. ვფიქრობ, საქართველო მომავალშიც მუდმივად იდგება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში და ამისთვის ვიყენებთ ყველა შეხვედრას და ყველა ვიზიტს. თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს დღის წესრიგში საქართველო მუდმივად მოიხსენება იმის დასტური, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სენატში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოსმენისას, რა დროსაც სახელმწიფო მდივანმა და სენატორმება ბობ კორკერმა და მარკო რუბიომ სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრეს.

დავით ზალკალიანის თქმით, მას ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა სენატორ კორკერთან, სადაც მან საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„სწორედ ის თავმჯდომარეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას და როგორც შეხვედრაზე იყო საუბარი მან დღეს დააყენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება სენატის მოსმენის დღის წესრიგში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სენატში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოსმენისას, რომელიც ჰელსინკში გამართულ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას დაეთმო, სენატორმა ბობ კორკერმა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ახსენა, საქართველო მაგალითად მოიყვანა ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც, რომელმაც სხდომის მონაწილეებს იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ მოახსენა, რომელსაც აშშ- ში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისა და მოკავშირეების დასაცავად იყენებს, მათ შორის საქართველოსთვის ჯაველინების მიწოდება,  ამავე საკითხზე საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ასევე სენტორმა მარკო რუბიომ.

დავით ზალკალიანის კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.