დავით ზალკალიანი - ანგელა მერკელის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან სერიოზული დასტური იყო, რომ გერმანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია
დავით ზალკალიანი - ანგელა მერკელის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან სერიოზული დასტური იყო, რომ გერმანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია

ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის, ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ გერმანია საქართველოს ურყევი მხარდამჭერია, – ამის შესახებ კანცლერის ვიზიტის შეჯამებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მან ფედერალური კანცლერის ვიზიტს ისტორიული უწოდა.

„საქართველოში გერმანიის კანცლერის ისტორიული ვიზიტი დასრულდა. ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის საქართველოში ჩამოსვლა თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ გერმანია საქართველოს, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ურყევი მხარდამჭერია, რომ გერმანია საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას მხარს უჭერს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთი გზავნილი იყო, რომ გერმანია მხარს უჭერს რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ხორციელდება.

„კანცლერმა მერკელმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო სწორ გზას ადგას ეკონომიკური რეფორმების და განვითარების კუთხით. ვფიქრობ, შეხვედრების დროს განხილული გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ასევე რეგიონული გამოწვევების თემები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებები, დროის თვალსაზრისით და იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს გააჩნია, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დავით ზალკალიანმა გერმანიის კანცლერის საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა განსაკუთრებით აღნიშნა.

„განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი ქალბატონი მერკელის ვიზიტს საოკუპაციო ხაზთან, რაც ასევე სერიოზული დასტური იყო იმისა, რომ გერმანია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. მან როგორც შეხვედრებზე, ისე სტუდენტებთან დისკუსიის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, რომ ის ამის შესახებ ყოველთვის, მუდმივად საუბრობს ორმხრივ ფორმატებში რუსეთის ფედერაციასთან, რომ დაუშვებელია ეს უსამართლობა გაგრძელდეს და აუცილებელია, ნაბიჯები გადაიდგას, რათა მოხდეს ტერიტორიების დეოკუპაცია და, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად იყოს“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ეკონომიკური მიმართულებით მიღწეული შედეგი. ამის მაგალითად მინისტრმა გაზსაცავის მშენებლობის მიზნით საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს გამოყოფაზე ხელშეკრულების ხელმოწერა, ასევე რეგიონული განვითარებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა დაასახელა.

„ჩვენ ასევე ძალიან შინაარსიანი და საინტერესო საუბარი გვქონდა საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის გამოყენების კუთხით. კერძოდ ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და იმ მნიშვნელოვანი გაზსადენების საქართველოს მიმართულებით მოზიდვის კუთხით, რომელიც თურქმენეთიდან იწყება, შემდეგ აზერბაიჯანისკენ მოდის და საქართველოს გავლით ევროპისკენ უნდა წავიდეს. გერმანია მხარს უჭერს ყველა ამ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, – ამბობს დავით ზალკალიანი.

მან საქართველოსა და გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრასაც გაუსვა ხაზი.

„მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერმა განსაკუთრებით გამოყო მცირე და საშუალო დონის ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობა, საიდანაც ჩვენ მომავალში უნდა ველოდოთ უფრო მეტ ჩართულობას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა განათლების სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით თანამშრომლობა ერთი წლის წინ დაიწყო.

„ამ ვიზიტის დროს გაცხადდა, რომ რამდენიმე კომპანია არსებობს, რომელიც აპირებს, საქართველოს მოქალაქეები პროფესიულად გადაამზადოს იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომ ისინი გერმანიაში დროებით დასაქმდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებია, რომელიც ამ ვიზიტს მოჰყვა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს მუშაობა გერმანელ პარტნიორებთან.

„ჩვენ აუცილებლად კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან, რომელიც ევროკავშირში და ნატო-ში წამყვანი ქვეყანაა. მათი თანხმობის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდება ამ პროცესების შემდგომი ინტენსიფიკაცია.

გერმანიის კანცლერს კიდევ ერთხელ მივეცით საშუალება, საკუთარი თვალით ენახა ის წარმატებული პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, რაც იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ გერმანიის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება“. – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს საოკუპაციო ხაზთან მივიდა. მერკელმა საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებული ტერიტორიები სოფელ ოძისიდან ჭოგრიტით დაათვალიერა. მოგვიანებით, გერმანიის კანცლერმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ კასპის რაიონის სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ვიზიტის დროს გადაღებულ ფოტოები გამოაქვეყნა.