დავით ჭიჭინაძე - პარტია „ქართულ ოცნებაში“ ჩემი აღდგენა-არაღდგენის თემა დახურულია
დავით ჭიჭინაძე - პარტია „ქართულ ოცნებაში“ ჩემი აღდგენა-არაღდგენის თემა დახურულია

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომაზე არ დაუშვეს.

პირველ არხთან საუბარში ჭიჭინაძე განმარტავს, რომ უმრავლესობის სხდომაზე პარტიის ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად მივიდა.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ ივანიშვილთან პარტიაში მის გარშემო განვითარებულ პროცესებზე ორ-სამ წუთიანი საუბარი ჰქონდა, რის შემდეგაც სხდომა დატოვა.

„უმრავლესობის სხდომაზე მივედი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. გუშინ მივედი არა სხდომაზე დასასწრებად, არამედ ბიძინა ივანიშვილთან იმ თემებზე სასაუბროდ, რაც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა. პირადად ბიძინა ივანიშვილს ორი-სამი წუთი ვესაუბრე, ჩვენი ურთიერთობა გავარკვიეთ. კერძოდ, პარტიაში ჩემს აღდგენა-არაღდგენის საკითხზე ვისაუბრეთ და ეს თემა დახურულია“, –  აცხადებს ჭიჭინაძე.

დეპუტატი ამბობს, რომ უმრავლესობას ტოვებს. მისი თქმით, ამის მიზეზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელა.

„ეს არასწორი გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. ადამიანი, რომელიც საკითხს პრინციპულად არ ეთანხმება, უმრავლესობა უნდა დატოვოს. მიმაჩნია, რომ უმრავლესობა უნდა დავტოვო, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. არ არის საჭირო, ერთი ადამიანის აზრი მთელ უმრავლესობას მოახვიო“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული ინფორმაციით, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე არ დაუშვეს და მას სხდომა დაატოვებინეს.

დატოვე კომენტარი