დავით ბაქრაძე - დეოკუპაცია, ჩვენი ევროპული მომავალი და ქართული დემოკრატია იქნება საკითხები, რომელთა დაყენებასაც ვაპირებთ ანგელა მერკელთან შეხვედრაზე
დავით ბაქრაძე - დეოკუპაცია, ჩვენი ევროპული მომავალი და ქართული დემოკრატია იქნება საკითხები, რომელთა დაყენებასაც ვაპირებთ ანგელა მერკელთან შეხვედრაზე

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი მასთან სამ ძირითად საკითხზე საუბრის შესაძლებლობაა, რომლებიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, აღნიშნულთაგან პირველი საკითხი არის საქართველოს დეოკუპაცია და უსაფრთხოება. მისი შეფასებით, ამაში გერმანიის, როგორც ევროპული ლიდერის როლი უმნიშვნელოვანესია.

„მეორე საკითხია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და აქაც გერმანიის პოზიცია იქნება განმსაზღვრელი, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას და მესამე – ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, საარჩევნო მზადება და ზოგადად, ქართული შიდა დემოკრატიის მდგომარეობა“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნული საკითხების დაყენებას აპირებს „ევროპული საქართველო“ კანცლერთან შეხვედრაზე.

„ეს სამი მიმართულება: ჩვენი დეოკუპაცია, ჩვენი ევროპული მომავალი და ქართული დემოკრატია იქნება ძირითადი საკითხები, რომელთა დაყენებასაც ვაპირებთ გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ხვალ ეწვევა. ორდღიანი ვიზიტისას ანგელა მერკელი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.