ბულგარეთში მოკლული ჟურნალისტის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი
ბულგარეთში მოკლული ჟურნალისტის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი

ბულგარეთში მოკლული ჟურნალისტის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი. მოქალაქეები ქალაქ რუსეს ცენტრალურ მოედანზე და სოფიას ძველ უბანში შეიკრიბნენ. მათ სანთლები აანთეს და რეპორტიორის მკვლელის დასჯა მოითხოვეს.

30 წლის რეპორტიორის, ვიქტორია მარინოვას ცხედარი ქალაქ რუსეში, ერთ-ერთ პარკში შაბათს იპოვეს. გამოძიების ცნობით, რეპორტიორი გააუპატიურეს და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. მკვლელობის სასწრაფოდ გამოძიება ევროკავშირმაც მოითხოვა. ბრიუსელში განაცხადეს, რომ ჟურნალისტებს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ და ისინი დაცულები უნდა იყვნენ.

როგორც ცნობილია, გამომძიებელი ჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ევროკავშირის ფონდებიდან ბულგარეთის ხელისუფლების მიერ თანხების უკანონო მითვისების შემთხვევებს იძიებდა.