ბრაზილიაში ახალარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ბრაზილიაში ახალარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ახალარჩეული პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლა გაიმართა.

დემონსტრაციაში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. „ის არა“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ულტრამემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუმ ბრაზილიაში 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 55 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ყოფილი სამხედრო ბოლსონარუ ცნობილია რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით, ქვეყანაში სიკვდილით დასჯის მომხრეა, ამართლებს ლათინურ ამერიკაში სამხედრო დიქტატურების დროს ადამიანების წამებასა და მკვლელობებს.

ბოლსონარუს მთავარი მეტოქე, „მშრომელთა პარტიის“ წარმომადგენელი ფერნანდუ ადადი იყო. თავდაპირველად „მშრომელთა პარტიის“ სახელით არჩევნებში მონაწილეობა ყოფილ პრეზიდენტს ლულა და სილვას სურდა, თუმცა ბრაზილიის უმაღლესმა საარჩევნო ტრიბუნალმა კორუფციისთვის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს ამის უფლება არ მისცა.

კორუფციისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა ბოლსონარუს ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.