ბიძინა ივანიშვილი - მთავრობის ახალი გუნდი და ახალი პრემიერი ძალიან ეფექტურია, საჭიროა ახალი იდეები, რომ სიღარიბე უფრო სწრაფად დავძლიოთ 
ბიძინა ივანიშვილი - მთავრობის ახალი გუნდი და ახალი პრემიერი ძალიან ეფექტურია, საჭიროა ახალი იდეები, რომ სიღარიბე უფრო სწრაფად დავძლიოთ 

ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის ეფექტიანობა გაიზრდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას.

მისი შეფასებით, მთავრობის ახალი გუნდი და პრემიერი ძალიან ეფექტიანია და სიღარიბის სწრაფად დასაძლევად ახალი იდეები აუცილებელია.

„უფრო ეფექტური გახდეს ჩვენი ხელისუფლება, რამეთუ სიღარიბე უნდა დავძლიოთ უფრო დიდი ტემპებით და უფრო სწრაფად. ახალი გუნდი მთავრობის სახით და ახალი პრემიერი, ვფიქრობ, ძალიან ეფექტურია, ძალიან ინოვაციური გუნდი იქნება და ჩვენ ვსაჭიროებთ აუცილებლად ახალ იდეებს, რომ როგორმე, მოვახერხოთ და სიღარიბე დავძლიოთ უფრო სწრაფად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, გაიზრდება მმართველი გუნდის ეფექტიანობა.

„მმართველი გუნდის ეფექტურობა გაიზრდება. ოღონდ არ იფიქროთ, არ გაჩნდეს ცდუნება, რომ მე მოვედი, ყველას ყველაფერს ვასწავლი, დავარიგებ და ყველაფერს მე გავაკეთებ. მთავრობას ექნება მთავრობის როლი, პარლამენტს – პარლამენტის, პარტიას ექნება პარტიის, რაც ყველაზე სუსტია დღეს და პარტიის გამაგრებაზე ვიზრუნებ პირველ რიგში. არის საბჭოები, ამ საბჭოების სახით მე დავეხმარები კონსულტაციებით და მივიღებთ საუკეთესო მმართველობას, რაც მოგვცემს საფუძველს, ეკონომიკის უფრო სწრაფი ტემპებით ზრდას, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ სიღარიბე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე, ამის გაკეთება საკადრო ცვლილებით იგეგმება თუ მენეჯმენტის ცვლილებით, „ქართული ოცნების“  ლიდერმა აღნიშნა, რომ მთავრობაში დიდი ცვლილებები არ განხორციელებულა, თუმცა გუნდი ეფექტიანია.

„მთავრობაში დიდი ცვლილებები არ მომხდარა, იყო მცირე ცვლილებები და გადაადგილებები, მაგრამ ეს იქნება გაცილებით ეფექტური, ვიდრე წინა ხელისუფლება, ვთქვათ, წინა მთავრობა, იმის წინა მთავრობაც. პრემიერებს თუ გავიხსენებთ, კვირიკაშვილსა და ღარიბაშვილს, არც ერთ შემთხვევაში, კატასტროფული არაფერი მომხდარა მართვის მხრივ. პირველი ეტაპი კვირიკაშვილმა ძალიან კარგად დაიწყო, რამდენიმე თვე, ვთქვი ეს და აღარ გავიმეორებ. ასეთი ტემპები აღარ გვაწყობს. ასეთი ეფექტურობა, მართვის სტილი არ არის საკმარისი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობის მსგავსი გადაადგილებები, შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა სტრუქტურაშიც, როცა ამის საშუალება იქნება. პირველ რიგში კი, მმართველი პარტიის როლი გაიზრდება.

„მთავრობის მაგალითი კარგია. რაც მოხდა გადაადგილებები, მსგავსი შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სტრუქტურაში, როცა საშუალება იქნება. პირველ რიგში, პარტიის როლს გავზრდი და ძალიან ბევრი ახალი სახე შემოვა პარტიაში. ვეცდები, რეგიონებში მაქსიმალურად გავამაგრო, ასევე გაიზარდონ „ქართული ოცნების“ ახალი წარმომადგენლები და საერთოდ, პოლიტიკურ ისთებლიშმენტს სჭირდება განვითარება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.